ახალი ამბები

ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ დაკვეთილი კამპანიები განსხვავებულ აზრზე ზეწოლაა – მესხიშვილი

18 იანვარი, 2022 • 2049
ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ დაკვეთილი კამპანიები განსხვავებულ აზრზე ზეწოლაა – მესხიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ შავი კამპანია მიმდინარეობს, რაც მისი თქმით, განსხვავებულ აზრზე ზეწოლაა.

მისი თქმით, მას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს და არც არასდროს ჰქონია და მის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ შესაძლოა მოსამართლეები დააზიანოს.

„ჩემი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა 2012 წლამდე საჯარო სამსახურში. მან 10 წლის წინ დატოვა საჯარო სამსახური და მას შემდეგ არანაირი შეხება საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან არ ჰქონია, არანაირი! ჩემი ოჯახი მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევს და არც პოლიტიკური ნიშნით წყვეტს მათთან ურთიერთობას! არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მაქვს მე, არანაირი, და არც არასდროს მქონია!“ – წერს სოციალურ ქსელში ქეთი მესხიშვილი.

მისი თქმით, ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებმა იციან, რომ არანაირ გარიგებას არასოდეს არანაირ ფასად დათანხმდება და მისთვის იმის დაბრალება, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გარიგებაშია, „გარდა იმისა, რომ საფუძველს მოკლებულია, ამორალურია“.

ქეთი მესხიშვილის თქმით, მართლმსაჯულებაში ნებისმიერი აქტორის მიერ პოლიტიკის შეტანა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა ფუნდამენტურ პრინციპს და აღნიშნულის დაშვება მისთვის პიროვნულად  მიუღებელი და წარმოუდგენელია.

„მთელი ეს აურზაური ჩემი და ჩემი კოლეგების საჯარო პოზიციას უკავშირდება. პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში უფრო დემოკრატიული პროცესები უნდა წარიმართოს, საერთაშორისო პარტნიორები დაუსაბუთებლად არ უნდა გავაკრიტიკოთ და კანონში მოსამართლეთა თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს.

ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ გაკეთებული განცხადებები და დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა განსხვავებულ აზრზე. ამჯერად, დეტალებზე არ დავკონკრეტდები, თუმცა უკიდურესად ამორალურია ჩემი უზენაესი სასამართლოს კანდიდატობაზე აპელირება. თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან ექსპერტი შეცდომაშია შეყვანილი, გულწრფელად ვწუხვარ! თუ არა.. სირცხვილია, მეგობრებო!“ – წერს ქეთი მესხიშვილი.

მოსამართლე ქეთი მესხიშვილის განცხადებას წინ უძღოდა თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებები. 2021 წლის ნოემბერში ქადაგიძე აცხადებდა, რომ ენმ-მ პოლიტიკის შეტანა სასამართლოშიც დაიწყო და „მთავარი შემსრულებელია ნაცმოძრაობასთან და მის ლიდერებთან მეტად დაახლოებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რომელიც ოცნების ხელისუფლებას აქამდეც ვერ იტანდა“.

17 იანვარს კი ქადაგიძემ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომ სასამართლოს შიგნით პროტესტის მორიგი ტალღა მზადდება, რომელშიც ენმ-სთან კოორდინირებით წამყვან როლს ქეთი მესხიშვილი თამაშობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი