ახალი ამბები

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი მხარდაჭერას უცხადებს ნინო გიორგაძეს

2 ნოემბერი, 2023 • 1244
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი მხარდაჭერას უცხადებს ნინო გიორგაძეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი მხარდაჭერას უცხადებს მოსამართლე ნინო გიორგაძეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა შეუწყდა.

მესხიშვილის ინფორმაციით, როდესაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა, ნინო გიორგაძე იყო ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელმაც სამოსამართლო დამოუკიდებლობისთვის შექმნილი საფრთხის თაობაზე მოსაზრება ღიად დააფიქსირა.

„ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი მისი მხრიდან. ის იმ დროისთვის გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა. მე მას მინდა მხარდაჭერა და პატივისცემა დავუდასტურო და ვუთხრა, რომ არაფერი აძლიერებს ადამიანს, მოსამართლეს ისე, როგორც მისი რთული და გაბედული გზით სხვებისთვის შექმნილი უკეთესი მომავლის განცდა. თქვენ ეს შეძელით, არაერთგზის“, — წერს მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

იუსტიციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ ნინო გიორგაძეს სამოსამართლო საქმიანობა შეუწყდა.

სასამართლოს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო გიორგაძე დასაჯა იმის გამო, რომ არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ, არ დაემორჩილა არსებულ არაფორმალურ იერარქიულ წესრიგს, რაც მას 3 წლის თავზე სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა წარმოადგენდეს დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას და მინიშნებას.

მოსამართლე ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას „სასამართლოს გუშაგი“ მის დასჯად აფასებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი