ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ვეტო არც მოსამართლეთა დისციპლინარულ დასჯაზე კანონს დაადო

13 იანვარი, 2022 • 1741
ზურაბიშვილმა ვეტო არც მოსამართლეთა დისციპლინარულ დასჯაზე კანონს დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არც მოსამართლის დისციპლინურ დასჯაზე კანონს დაადო. ამის შესახებ დღეს, 13 იანვარს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათ მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიაჩნია.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც.

თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს.


პარლამენტმა  „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებები 30 დეკემბერს მიიღო.

ცვლილებებით წესრიგდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი, ასევე, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების ქვორუმთან და მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებული საკითხები.

კანონში, ინიცირებული ვერსიისგან განსხვავებით, ამოღებულია პუნქტი, რომელიც მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელების გამოყენებას ითვალისწინებდა, როგორიცაა აზრის გამოთქმისას „ზომიერებისა და გაწონასწორებულობის“ კრიტერიუმის დარღვევაზე დისციპლინური სასჯელის დაწესების შესახებ.

ამის მიუხედავად, ოპოზიცია და არასამთავრობოები ცვლილებებს აკრიტიკებდნენ.

ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების ქვორუმი მცირდება და სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, საბჭოს უმრალო უმრავლესობა იქნება.

ცვლილებებით, ასევე, გათვალისწინებულია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება/განახევრება ყველა ეტაპზე, რაც „სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება“.

ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს

მასალების გადაბეჭდვის წესი