„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ მას პარლამენტი შეუწყვეტს სადეპუტატო უფლებამოსილებას, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა.
„თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის, მაგრამ ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამასთან დაკავშირებით კატეგორიული განცხადება არ მომისმენია[…] მთავარი არის, რომ ჩვენ გაგვამართლეს იმ ბრალში, რომელიც სამ-წელიწადნახევარია წაყენებული გვაქვს, მიმდინარეობს ჩვენი დევნა, შევიწროება… ახლა მოიხსნა ყველა ყადაღა, ყველა შეზღუდვა და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ძალისხმევის, ჩვენი საზოგადოების ძალისხმევის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.
სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ, შესაძლოა, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს.
როგორც ნეტგაზეთს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომიტეტი იმსჯელებს.
მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს 15 დღის ვადაში გამოითხოვს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს იმის შესახებ, დაიწყოს თუ არა ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.
პარლამენტი ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს