ახალი ამბები

“ოცნების” კანონპროექტი ლეიბორისტებს დაფინანსების გარეშე ტოვებს

10 ივნისი, 2021 • 2153
“ოცნების” კანონპროექტი ლეიბორისტებს დაფინანსების გარეშე ტოვებს

“ლეიბორისტულ პარტიას” შესაძლოა, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდეს. აღნიშნულს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა/შეჩერებას შეეხება იმ შემთხვევაში, როდესაც პარტია არჩევნებში მიღებულ საპარლამენტო მანდატებს ნახევარს მაინც არ იყენებს.

რა წერია კანონპროექტში

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.

ამასთანავე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

მიღების შემთხვევაში კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

რატომ ლეიბორისტული პარტია

ამ დროისთვის მხოლოდ ლეიბორისტული პარტია აცხადებს უარს საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე. სხვა საპარლამენტო პარტიებიდან არჩეული დეპუტატბის ნაწილმა მანდატებით ისარგებლა.

ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. თუკი პარტიას კანონის ამოქმედებისას ეს მანდატი შეწყვეტილი ექნება, მაშინ მას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება. ნათელაშვილს პარლამენტისთვის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად აქვს მიმართული თავის დროზე მანდატის შეწყვეტის განაცხადით, თუმცა მაშინ უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თუ უმრავლესობა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებს, პარტია მთლიანად დაკარგავს საბიუჯეტო დაფინანსებას, ხოლო ბოიკოტის რეჟიმში, კანონპროექტის მიხედვით, მას დაფინანსება დროებით შეუჩერდება.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პარტიის ერთადერთი საპარლამენტო მანდატის მფლობელი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი პარტიის წინააღმდეგაა მიმართული.

“ამ წუთში პლენალური სხდომა იხილავს, ფაქტობრივად, ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც ივანიშვილმა, მილიარდელმა დაგვიტოვა. 20 000 ლარი თვეში, რომელიც ივანიშვილს ყოველ დღე, თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისთვის სჭირდება, იმასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით ლეიბორისტულ პარტიას დაასრულებენ”, — აცხადებს ნათელაშვილი.

მსგავსი პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც. ისინი ცვლილებებს მმართველი გუნდისგან სადამსჯელო ზომად აფასებენ. როგორც კანონპროექტის განხილვისას ნატო ჩხეიძემ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ”კანონპროექტის ინიცირება “ნაციონალური მოძრაობის” დასასჯელად მოახდინა, თუმცა ახლა ამით ლეიბორისტული პარტიას სჯის.

“ეს კანონპროექტი “ნაციონალური მოძრაობის” დასასჯელად გქონდათ მოგონილი, მაგრამ ახლა შალვა ნათელაშვილისა და მისი ლეიბორისტული პარტიის დასასჯელადაა და სწორედ მასზე იყრით ჯავრს. იმ ჯავრს, რომელიც მთელი ოპოზიციის მიმართ გქონდათ”, — განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

რას ამბობს “ქართული ოცნება”

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ ლეიბორისტული პარტია 2022 წლამდე პარლამენტში შევა და, შესაბამისად, არც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.

“ლეიბორისტული პარტიის წევრს ვიდრე უფლებამოსილება არ შეუწყდება, იქამდე დაფინანსების მიღების უფლება აქვთ. მით უმეტეს, ეს 2022 წლიდან ამოქმედდება და ლეიბორისტები თქვენ გგონიათ, რომ არ შემოვლენ 22 წლამდე? დაველოდოთ”, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

თუმცა თავად ლეიბორისტები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. როგორც ოხანაშვილი ამბობს, თუ ლეიბორისტები პოზიციას არ შეიცვლიან, მაშინ “ოცნების” ინიციატივა “საბოტაჟის ეფექტიანი მექანიზმი” იქნება.

“თუ მანდატი შეუწყდება, მაშინ არ ექნება დაფინანსება, თუ გააცდენს, მაშინ დაფინანსება შეუჩერდება. თუ უშვებს საბოტაჟს, საბოტაჟისთვის არის ეფექტიანი მექანიზმი. თუ არ უშვებენ, მაშინ დემოკრატიის პრინციპია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისიის დასკვნა

პირველი მოსმენის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი ვენეციის კომისიასა  და ეუთო/ოდირში გააგზავნა და მარტში პასუხიც მიიღო. ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია პოლიტიკური პარტიების — და არა ინდივიდუალური დეპუტატების — სანქცირებას დისპროპორციულ ზომად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ შეუსაბამობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს.

“ასეთი ფართო სანქციები პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის წევრი არცერთი სახელმწიფოს კანონმდებლობაში არ მოიძიება”, – ნათქვამია დასკვნაში.

მიუხედავად, ამისა “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ახლა მოცემულობა შეცვლილია და ის პარტიები, რომელთა წინააღმდეგაც  შესაძლოა აღნიშნული კანონპროექტი აღმქულიყო, პარლამენტში არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი