ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოაცხადებს

11 იანვარი, 2022 • 1470
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და სათათბიროდ გავიდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესი მხარეების რეპლიკებს და ბრალდებულთა დასკვნით სიტყვას დაეთმო. ბადრი ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში სიბინძურედ და სიყალბედ შეაფასა პროკურატურის ბრალდება.

“3 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ პირველი ბრიფინგი მოაწყო და მთელ მსოფლიოს ამცნო ფულის გათეთრების საქმის შესახებ. 3 წელია გრძელდება ჩვენი პოლიტიკური დევნა. აქ არასდროს ყოფილა სიმართლის დადგენის სურვილი. არცერთი ტრანზაქცია დაფარული არ ყოფილა – ყველაფერი ხელის გულზეა. ჩვენ დავზარალდით მათ შორის ამ სესხის გამო და ფორსმაჟორული ვითარების [2008 წლის ომის] გამო და დავკარგეთ ჩვენი ქონების 2/3 ბანკში. გინახავთ თაღლითობა, რომელიც მის ჩამდენს აზარალებს?
თუ ვინმე დაზარალდა, ეს ჩვენ ვართ, თუმცა დღესაც აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდით”, – განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ პროკურატურის მიერ ადგილი აქვს ან უვიცობას, ან საქმის შეგნებულად გაყალბებას.

მამუკა ხაზარაძემ თავის საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური დაკვეთაა.

“ეს არის პოლიტიკური შეკვეთა, დაკვეთილი ამ ქვეყნის დირექტორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ერთხელ გულწრფელად მითხრა, მე რუსეთში ვიყავი და შენ როგორ მოახერხე ქვეყანაში ასეთი სისტემების აწყობაო? მან არ იცის ბიზნესი, იცის ფულის კეთება”,- თქვა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ყველა ხელისუფლებასთან ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მსგავსი საქციელი, რომ ყველაზე დიდ ეკონომიკურ მოთამაშეებს დაპირისპირებოდა, უპრეცედენტოა. ივანიშვილთან კონკურენციის გარდა, სისხლისსამართლებრივ დევნას ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტსაც უკავშირებს.

“მინდა დავიფიცო სასამართლოს წინაშე, რომ ამის შემდეგ 1 ლარს არ ვასესხებ არავის. ჩემს ცხოვრებაში ასეთი რაღაც არ მომსვლია, გაუგებრობაში დავდივარ 3 წელია. ხალხს ჰგონია, ფული გავათეთრე – მესამედი მე შემხვდა. ჯერ ერთი, თუ ამათთან ფულს გავათეთრებდი, ნახევარი რატომ არ შემხვდებოდა?! ჩემი შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი ფული, უნდა გავათეთროო. პროკურორმა ბრძანა, ბანკი დაზარალდაო. თუ ბანკი დაზარალდა, უნდა ეჩივლა მამუკასთვის და ბადრისთვის, მაგრამ არ ყოფილა ზარალი და არ უჩივლია”,- განაცახადა დასკვნით სიტყვაში ავთანდილ წერეთელმა.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.
გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი უარყოფს ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი