ახალი ამბები

აშშ-ში კაცს ღორის გული გადაუნერგეს

11 იანვარი, 2022 • 2217
აშშ-ში კაცს ღორის გული გადაუნერგეს

აშშ-ში კაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ამგვარი ოპერაცია მსოფლიოში პირველად შესრულდა. როგორც BBC წერს, პაციენტი 75 წლის დევიდი ბენეტია და შვიდსაათიანი ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრანსპლანტი მიიჩნეოდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის ბოლო იმედად, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია გადარჩენის გრძელვადიანი შანსების შესახებ:

„ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან ტრანსპლანტაცია ჩამეტარებინა. ეს სიბნელეში გასროლას ჰგავს, მაგრამ გადანერგვა ჩემი უკანასკნელი ვარიანტი იყო“, – თქვა ბენეტმა ოპერაციის დასრულების შემდეგ. BBC-ს თქმით, აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელმაც მერილენდის სამედიცინო ცენტრს ოპერაციის ჩატარების სპეციალური ნებართვაც სწორედ ამ მიზეზით მისცა — სხვა შემთხვევაში კაცი დაიღუპებოდა.

გამოცემა წერს, რომ დეივიდ ბენეტი ადამიანის ორგანოს გადანერგვისთვის შეუსაბამოდ იყო მიჩნეული. ამგვარ გადაწყვეტილებას ექიმები მაშინ იღებენ, როცა პაციენტის ჯანმრთელობის მხდომარეობა ძალიან სუსტია.

ქირურგი, ბერტლი გრიფიტი, რომელმაც აღნიშნული ოპერაცია ჩაატარა აცხადებს, რომ ეს იქნება  წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანოების ნაკლებობით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად. მისი თქმით, აშშ-ში ყოველდღიურად 17 ადამიანი ტრანსპლანტის მოლოდინში იღუპება.

ადამიანის ნაცვლად ცხოველის ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის გამოყენებას მეცნიერები დიდი ხანია განიხილავენ. მათ შორის, ღორის გულის სარქველების გადანერგვის მიზნით გამოყენება უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. გასული წლის ოქტომბერში ნიუ იორკის ექიმებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. თუმცა მაშინ პაციენტის ტვინი მკვდარი იყო და მისი გამოჯანმრთელების იმედი არ არსებობდა.

ღორები, რომელთა ორგანოებსაც ტრანსპლანტაციაში იყენებენ, გენეტიკურად მოდიფიცირებულნი არიან, რაც იმ გენების გამორიცხვას გულისხმობს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მიერ მის უარყოფას გამოიწვევდა.

დეივიდ ბენეტის ქირურგის თქმით, გადანერგვა უკეთესი ვარიანტი იყო, ვიდრე მკურნალობის არსებული კურსის გაგრძელდება, თუმცა ექიმებისთვის უცნობია რამდენი ხნით გაუხანგრძლივებს ეს პაციენტს სიცოცხლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი