ახალი ამბები

თუ ასეთი რამ მოხდა, ჩვენ დავძლევთ ვეტოს — ქადაგიშვილი ინპესქტორის გაუქმებაზე

10 იანვარი, 2022 • 2134
თუ ასეთი რამ მოხდა, ჩვენ დავძლევთ ვეტოს — ქადაგიშვილი ინპესქტორის გაუქმებაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 10 იანვარს განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება.

„საერთაშორისო ექსპერტების მოწოდებაც იყო, მათ შორის, თავის დროზე ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაც, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ცალკე ინსტიტუტი, ხოლო საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში მომხდარ გადაცდომებზე და დანაშაულებზე ჩაატარებდა გამოძიებას, ეს უნდა ყოფილიყო ცალკე.

დღეს კანონით ეს მიზანი აბსოლუტურად მიღწეულია. ამიტომ დაველოდებით პრეზიდენტის პოზიციას და მას შემდეგ, თუ რა პოზიციას გამოამჟღავნებს პრეზიდენტი, ჩვენ შემდგომ ნაბიჯს გადავდგამთ. თუ ასეთი რამ დადგა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავძლევთ [ვეტოს]“, — განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ნეტგაზეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონი ხელმწოსაწერად პარლამენტმა პრეზიდენტს  31 დეკემბერს გაუგზავნა და გადაწყვეტილების მისაღებად 14-დღიანი ვადა აქვს. გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.


პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება. მან 30 დეკემბერს განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პარლამენტის მიღებულ კანონს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ვეტოს დაადებს.

პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი