ახალი ამბები

კობახიძის თქმით, ინსპექტორის სამსახური ახლანდელი და მომავალი სახითაც წინააღმდეობაშია კონსტიტუციასთან

29 დეკემბერი, 2021 • 2695
კობახიძის თქმით, ინსპექტორის სამსახური ახლანდელი და მომავალი სახითაც წინააღმდეობაშია კონსტიტუციასთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ასევე ის ორი ახალი ინსტიტუტი, რომლის შექმნასაც ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე გეგმავენ, საქართველოს კონსტიტუციასთან გარკვეულ წინააღმდეგობაშია.

ამის შესახებ მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„არსებული ინსტიტუტი და ასევე, ორი ახალი ინსტიტუტი, რომელიც ამ პაკეტის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება, გარკვეულ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. მოქმედი კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფო მმართველობის სისტემას, კონსტიტუციურ მოწყობას, რომლის შემადგენლობაში კონკრეტული ორგანოები შედის. ეს არის ხელისუფლების სამი შტო: პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება და ეს არის რამდენიმე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო: პრეზიდენტი, აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი, ომბუდსმენი და ა.შ. არსებობს მარტივი კონსტიტუციური ლოგიკა, რომლის მიხედვით, ამ მოწყობის მიღმა რაიმე სხვა ორგანო არ შეიძლება არსებობდეს.

თუ რაიმე ორგანო იქმნება, კანონით ეს ორგანო შეიძლება რომელიმე კონსტიტუციური ორგანოს ფარგლებში შეიქმნას,  მაგალითად, პარლამენტის, მთავრობის ქვეშ, სასამართლოს ქვეშ ან რომელიმე სხვა ორგანოს ქვეშ. ეს პრინციპი თავიდან ბოლომდე დარღვეულია. ეკლექტური ინსტიტუციაა ჩამოყალიბებული, სადაც სუბორდინაცია არ იკვეთება. ეს არ არის დამოუკიდებელი ორგანო კლასიკური გაგებით, ეს არ არის კონსტიტუციური ორგანო  და ა.შ. ანუ ერთმნიშვნელოვნად და უხეშად ირღვევა ამ შემთხვევაში კონსტიტუციური მოწყობის არსებული მოდელი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მეორე პრობლემა, რომელიც თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს, არის ის, რომ კანონით სამ კონსტიტუციურ ორგანოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება აქვს შეზღუდული.

„მაგალითად, პერსონალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ეს არის ომბუდსმენის ექსკლუზიური კომპეტენცია, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ ამ ორგანოს ჩამოჭრილი აქვს და გადაცემული აქვს კონკრეტულ ეკლექტურ ინსტიტუციას. იგივე ეხება გამოძიებას როგორც პროკურატურის, ასევე აღმასრულებელი შტოს – მთავრობის ექსკლუზიური კომპეტენციები აქვს ჩამოჭრილი და გადაცემული ეკლექტურ ორგანოს, რომელიც კანონის დონეზეა ჩამოყალიბებული.

ეს სერიოზული პრობლემაა არამხოლოდ თეორიული თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკულადაც. ხვალ შეიძლება ვიღაცამ მოინდომოს და შექმნას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მაგალითად სასჯელაღსრულების სფეროში. ჩამოეჭრება კიდევ ერთი პატარა პორცია ექსკლუზიური კომპეტენციების ომბუდსმენს და გადავა გაუგებარი ორგანოს ქვეშ. რაც ქმნის ძალიან საშიშ პრეცენდენტს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის კონსტიტუციასთან თავსებადობის პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, თავის დროზე მარტივი კონსტიტუციური ნორმები მხედველობაში არ მიიღეს და მოგვიანებით, როცა  ამ ინსტიტუციური საკითხების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ცდილობდნენ, საერთაშორისო რეკომენდაციებზე ხელის გაშვერა ხდებოდა.

„საბოლოო ჯამში, ეს ინსტიტუტი კონსტიტუციასთან ვერ მოვიდა შესაბამისობაში. ეს არის ზოგადი პრობლემა, რაზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გამემახვილებინა. როდის მოწესრიგდება ეს საკითხი არ ვიცი, დღეისთვის არის პოლიტიკური კონტექსტი, რის ფარგლებშიც ხდება ერთი ინსტიტუტის ჩანაცვლება ორი ინსტიტუტით.

რაც შეეხება თვითონ პაკეტს, ინსტიტუციური თვალსაზრისით ყველაფერი უკეთ მოწესრიგებულია, ვიდრე დღემდე იყო, სამართლებრივად ყველაფერი გამართულია და ამაზე ჩვენ ვერავითარი შენიშვნა ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი