ახალი ამბები

„ავტორიტარები ხართ!“ — NGO-ების ნაწილმა კომიტეტების სხდომა დატოვა

28 დეკემბერი, 2021 • 2767
„ავტორიტარები ხართ!“ — NGO-ების ნაწილმა კომიტეტების სხდომა დატოვა

არასამთავრობოების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე მსჯელობდნენ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა ედუარდ მარიკაშვილმა კანონპროექტის ავტორებს ავტორიტარი უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მას ვერავინ შეაჩერებს.

„ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგარქვათ სახელი. თქვენს გადაწყვეტილებებს დავარქვათ სახელი, რათა შემდგომ ეს სახელი გამოჩნდეს, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე, ჩვენმა მოსახლეობამ დაინახოს რა გქვიათ. თქვენ ყველანი ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები“ — მიმართვა მარიკაშვილმა „ოცნების“ წარმომადგენლებს.

მარიკაშვილის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატების — მიხეილ სარჯველაძის, გურამ მაჭარაშვილისა და ალუდა ღუდუშაურის გაბრაზება გამოიწვია და მათ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელს სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს.

„გააფრთხილე და თუ არა, გააგდე აქედან კაცო“ — მიმართა „ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თავის თანაგუნდელ მიხეილ სარჯველაძეს. სარჯველაძემ არაერთხელ მოუწოდა მარიკაშვილს მიკროფონის გამორთვისკენ.

„რა სახელს მარქმევს, ვერ გავიგე?“ — თქვა მიხეილ სარჯველაძემ, რომელსაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიჰყავდა.

ამის შემდეგ მარიკაშვილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ფოტოზე: მანდატურები ესაუბრებიან ედუარდ მარიკაშვილს სიტყვიერი დაპირისპირების დროს. ავტორი: ნათია ცქიფურიშვილი, ნეტგაზეთი


პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი