ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აქ საქართველოს გამთლიანების სტრატეგია მუშავდება” | ბიბლიოთეკა საქართველოზე

26 დეკემბერი, 2021 • 7720
“აქ საქართველოს გამთლიანების სტრატეგია მუშავდება” | ბიბლიოთეკა საქართველოზე

რამდენიმე დღის წინ თბილისში აფხაზეთიდან ჩამოსული ტიკ-ტოკ ბლოგერისა და ქართველი ტიკ-ტოკ ბლოგერების შეხვედრა გაიმართა. სივრცე, სადაც თბილისში ქართულ-აფხაზურ საკითხებზე ახალგაზრდები იკრიბებიან ხოლმე სამუშაოდ – ბიბლიოთეკაა – “ბიბლიოთეკა საქართველოზე”, რომელზეც მისი დამფუძნებელი გიორგი არზიანი გვესაუბრება. 


გიორგი, თქვენი ბიბლიოთეკა, განსაკუთრებით, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხდება ქართულ-აფხაზურ საკითხებზე შეხვედრის ადგილი. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ აქ აფხაზეთიდან ჩამოსული ტიკ-ტოკ ბლოგერისა და სხვა ქართველი ტიკ-ტოკ ბლოგერების შეხვედრაც გაიმართა. რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია თქვენთვის, ასეთი უნიკალური შეხვედრების სივრცედ აქციოთ ეს ბიბლიოთეკა?

ჩვენი ბიბლიოთეკა დაარსების დღიდანვე ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც მიმდინარეობს საქართველოს გამთლიანების სტრატეგიის შემუშავება. გახსნისთანავე ჩვენ დავიწყეთ კონფლიქტებთან დაკავშირებული რეგულარული საჯარო დისკუსიების მოწყობა და წიგნების და სამეცნიერო ლიტერატურის შეგროვება.

 

ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ, რომ ჩვენ, ბიბლიოთეკის გუნდის წევრები, თავად ვართ აფხაზეთიდან დევნილები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღვიქვამთ, ასევე, როგორც ჩვენს პირად პასუხისმგებლობას. საბედნიეროდ, მუშაობის პერიოდში ჩვენ ასევე გავიცანით უამრავი არადევნილი ადამიანი, რომელიც ჩვენნაირად უყურებს ამ საქმეს. ასე თუ ისე, ბიბლიოთეკის სივრცე ბუნებრივად ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ჰაბად, სადაც იკრიბებიან საერთო სულისკვეთებით გაერთიანებული ადამიანები.

ამ ბიბლიოთეკას სულ ერთი ოთახი უკავია, რომელიც მულტიფუნქციურია. მოგვიყევით მის კონცეფციაზე და ზოგადად, მისი დაფუძნების იდეაზე…

ქვეყნები ფასდებიან საკუთარი კულტურული და სამეცნიერო პროექტებით, და მათ შორის დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროექტებით. და ბიბლიოთეკის იდეა ზუსტად ესაა – შექმნას სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღირებულება.

„ბიბლიოთეკა საქართველოზე“ ერთგვარი საგამოფენო სივრცეა, და ასრულებს კურატორის-შუამავლის როლს, რომელიც აკავშირებს მკითხველს ახალი და საინტერესო, თუმცა შეიძლება ნაკლებად ცნობილ გამოცემებთან საქართველოს თემატიკაზე.

ამჟამად ჩვენ ვამაყობთ პატარა, მაგრამ უაღრესად საინტერესო წიგნების და სხვა გამოცემების ორათასიანი კოლექციით, რომლის ნაწილი, სხვათა შორის, ჩვენ სიხარულით გავაზიარეთ და გადავეცით „აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს“ და ამით გავხსენით ჩვენი პატარა წარმომადგენლობა მარნეულშიც. თუმცა ბიბლიოთეკის ოფიციალური სახელწოდებაა თბილისის სოციალური კვლევების სკოლა, და ჩვენი ფუნქცია მეტად ფართოა ვიდრე წიგნების შეგროვება.

ჩვენ ვმუშაობთ სამი ძირითადი კვლევითი მიმართულებით. ესენია – დეოკუპაციის, რეინტეგრაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შემუშავება, ეკონომიკური განვითარების და მოდერნიზაციის საკითხები და პოლიტიკის/დემოკრატიის თეორია.

დაფინანსებას სად და როგორ იძიებთ ხოლმე? თუნდაც, ეს ოთახი და ყველაფერი, რასაც აქ ვხედავთ, რა ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული?

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ ჭეშმარიტად სამოქალაქო ორგანიზაცია. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების 99.9 პროცენტი ფინანსდება საერთაშორისო სახელმწიფო ან პოლიტიკური ფონდების მიერ. ჩვენი პროექტი კი მხარდაჭერილია ასამდე მცირე შემომწირველით, რაც, რა თქმა უნდა ქმნის შეზღუდვებს, რადგან თვიდან-თვემდე ჩვენ გვიწევს ქირის ფულის შეგროვება, მაგრამ ჩვენთვის ეს მაინც ყველაზე მეტად საამაყოა.

აქ გაქვთ, ასევე, დიდი რაოდენობით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ გამოცემებიც, კომიქსები და პლაკატები აფხაზურ თემატიკაზე. როგორ ივსება თქვენი წიგნების თაროები და ვინც ქმნის ამ ყველა რეკვიზიტს?

წიგნებს ხშირად გვჩუქნიან, ასევე, “ვაწარმოებთ” ახალი გამოცემების მუდმივ მონიტორინგს. ახლა უკვე გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა ჩვენ დავბეჭდავთ პირველი საკუთარ გამოცემებს, მაგალითად, 2022-ში ვგეგმავთ „ჰაკი აძბას“ ილუსტრირებული წიგნის გამოცემას.

აფხაზეთში საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის შესახებ კვლევაც ჩაატარეთ, ამაზე იქნებ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ?

ჩვენს და აფხაზებს შორის არსებობს რამდენიმე განხეთქილების საგანი, რომელიც დიდწილად ეფუძნება რამდენიმე ისტორიული საკითხის პოლიტიზირებულ და ცალმხრივ შეფასებას და ინტერპრეტაციას, მაგალითად, აფხაზეთის იურიდიული სტატუსის ცვლილება საბჭოთა პერიოდში, 1937-1938 წლების დიდი ტერორის პროცესის ნაციონალურ წმენდად წარმოდგენა, ან აფხაზეთში საშუალო სკოლების გადაყვანა ქართულ და რუსულ ენებზე.

აფხაზური ნაციონალისტური ნარატივის ერთ-ერთი ქვაკუთხედია საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში არსებული ეთნიკური ბალანსის ცვლილების მიზანმიმართულ პოლიტიკად წარმოჩენა. კვლევაში კი შევეცადეთ კომპლექსურად გაგვეანალიზებინა საბჭოთა პერიოდის ნაციონალურო პოლიტიკა და მოსახლეობის ზრდა და ეთნიკური ბალანსის ცვლილება საბჭოთა აფხაზეთში – მოსახლეობის სიმჭიდროვის ნაკლებობა აფხაზეთში წარმოადგენდა ობიექტურ წინაპირობას მოსახლეობის ბუნებრივი შემავალი მიგრაციის, თუმცა ეთნიკური ბალანსის სტატისტიკაში გამოვლინდა უზუსტობები, მაგალითად, ზოგიერთი მოსახლეობის აღწერის მიხედვით 1886 წლიდან 1939 წლამდე ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის რაოდენობა თითქმის არ იცვლება, რაც აშკარად ანომალურია.

ზღვა მასალა ჯერ კიდევ შეუსწავლელია და ჩვენ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით.

თქვენს ბიბლიოთეკაში თვალშისაცემია დეოკუპაციის ანალიტიკური ჩარჩო, ვინ შექმნა ის და რას ნიშნავს?

საქართველოში ჯერ არ არსებობს ყოვლისმომცველი დეოკუპაციის და რეინტეგრაციის სტრატეგია. პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი დისკუსია დაქსაქსულია და ხასიათდება არასისტემატურობით და ზედაპირულობით.

დისკუსიის სტრუქტურიზაციისთვის გადავწყვიტე შემემუშავებინა ანალიტიკური კუბი, რომელიც წარმოადგენს ე.წ. მაინდმეფს, ანუ საკითხის წარმოსახვით რუკას. ანალიტიკური კუბის მიზანია ვიზუალიზაციის გზით გაგვიადვილოს (განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ოკუპაციის და კონფლიქტების თემა არ წარმოადგენს უშუალო პროფესიული ინტერესის სფეროს) საკითხების კომპლექსურობის აღქმა და დაეხმაროს ახალი მიგნებების აღმოჩენაში.

კუბი და ორი დამატებითი განზომილება ქმნის ყოვლისმომცველ ანალიტიკურ ჩარჩოს, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს დეოკუპაციასთან და რეინტეგრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. კუბის სამი განზომილება წარმოადგენს სამ კითხვას: ვინ – ? რა დონეზე – ? და რა -? უნდა გააკეთოს, იმისთვის რომ ჩვენ მოვახდინოთ საქართველოს გაერთიანება. ვინ: საზოგადოება თუ სახელმწიფო? რა დონეზე: საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე? და რა: სამართალი და სამართლიანობის შეგრძნება ამ კუბის ფარგლებში წარმოადგენენ ორ პოლუსს, რომელიც ასახავს ჩვენს საზოგადოებებში არსებულ ნაპრალს დემოკრატიულ, ადამიანთა უფლებებზე და სამოქალაქო თვითშეგნებაზე დაფუძნებულ სამართალსა და სამართლიანობის შეგრძნებას შორის, რომელზეც ზემოქმედებს ბევრი სხვა კულტურულ-ისტორიული ფაქტორი. ორი დამატებითი განზომილება ასახავს მოქმედებების მართვის მოდელებს. პირველი, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური მართვა, რაც წარმოადგენს ცენტრალიზებულ ან დეცენტრალიზებულ მართვის სტილს.

მეორე – მართვის მიდგომა, ასევე, წარმოდგენილია ორი პოლუსით: წესებზე დაფუძნებული მეტარეგულაცია ერთის მხრივ, და მეორე მხრივ რისკების ანალიზზე დაფუძნებული პირდაპირი, ანუ კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, მართვა. ეს ანალიტიკური ჩარჩო გარკვეულწილად იყენებს ფინანსური ბაზრებისთვის დამახასიათებელი რეგულატორულ მიდგომებს. ყოველი ამოცანა დეოკუპაციის და რეინტეგრაციის გზაზე საჭიროებს კონკრეტულ მიდგომას. ამ კუბის ამოცანა კი ისაა, დაგვეხმაროს ამის ეფექტურ გააზრებაში.

„დეოკუპაციის და რეინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის გარდა კიდევ რას აკეთებთ? 

გარდა ჩვენი კვლევითი და საგანმანათლებლო მუშაობისა კონფლიქტების თემაზე, ჩვენ დავაწესეთ 1500 ლარიანი პრემია საუკეთესო სტუდენტური ნაშრომისთვის აფხაზეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე. პრემიის მიზანია დააფასოს კეთილსინდისიერი სტუდენტის შრომა და მოახდინოს აფხაზეთის საკითხების სიღრმისეული კვლევის სტიმულირება.

რაც შეეხება დარჩენილ ორ მიმართულებას (ეკონომიკური განვითარების და პოლიტიკური თეორიის) – 2022 წლიდან ჩვენ ასევე ვაპირებთ ფულადი პრემიის გაცემას საუკეთესო სტუდენტური ნაშრომისთვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების და მოდერნიზაციის თემატიკაზე.

რაც შეეხება პოლიტიკური თეორიის მიმართულებას, ჩვენ ვმუშაობთ ინოვაციურ მიდგომებზე, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული მმართველობის კონსოლიდირებას. ბიბლიოთეკაში ჩვენ ახლიდან ავაშენეთ კლეროტერიონი, 2400 წლის წინანდელი ძველ ბერძნული პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტი.

კლეროტერიონი წარმოადგენს არჩევნების ერთგვარ ალტერნატივას, რომელსაც ძველი ბერძნები არა უმიზეზოდ მიიჩნევდნენ იარაღად არისტოკრატიის ხელში. სამწუხაროდ, საქართველოშიც არჩევნების ღირებულება შელახულია და წარმოადგენს კუნთების თამაშს, რომელშიც პოლიტიკური პარტიები უფრო მეტად ეჯიბრებიან ერთმანეთს საკუთარი სამობილიზაციო რესურსებით, ვიდრე იდეებით. კლეროტოერიონის გამოყენება კი გვთავაზობს ალტერნატივას – თანამდებობების პირების ან საბჭოს წევრების შერჩევა წილისყრის და როტაციის პრინციპით.

აღნიშნული მოდელი განსაკუთრებით კარგად იმუშავებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ან თუნდაც სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დროს. თუმცა ეს ცალკე, გაცილებით უფრო დეტალური საუბრის, თემაა.

თქვენც აფხაზეთიდან ხართ და კონფლიქტების მოგვარების თუ ტრანსფორმაციის საკითხებზე, შესაძლოა, უფრო მეტად გიფიქრიათ. თქვენი აზრით, შესაძლებელია ქართულ-აფხაზური დიალოგი?

რა თქმა უნდა შესაძლებელია, და რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ საკითხზე, მით უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი