ახალი ამბები

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო

24 დეკემბერი, 2021 • 1227
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო – საკრებულოს კვლავ არ ჰყავს თავმჯდომარე.

სხდომა 12 საათზე უნდა დააწყებულიყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო თავდაპირველად 1 საათით გადაიდო. კვორუმს 23 დეპუტატი სჭირდება, სხდომაზე კი იმ დროისთვის მხოლოდ 19 დეპუტატი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედია „ლაივპრესის“ ცნობით, დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ გამოცხადებულა და ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრები და გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, წევრები იმყოფებოდნენ.

შესვენების შემდეგ სხდომაზე კიდევ 2 დეპუტატი გამოცხადდა, თუმცა არც ეს რაოდენობა აღმოჩნდა საკმარისი, – ორი დეპუტატი კვლავ აკლდა კვორუმს, – რის გამოც სხდომა ისევ გადაიდო, ამჯერად 12 იანვრამდე.

ეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომის გადადების უკვე მე-4 შემთხვევაა. ჯერჯერობით საკრებულოს თავმჯდომარისა და, შესაბამისად, თანამდებობებზე პირების არჩევა ვერ ხერხდება.

ზუგდიდის საკრებულოს 45 დეპუტატი აკომპლექტებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ 22 წევრი ჰყავს, „ქართული ოცნებას“ — 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 3 მანდატი აქვს.

წინა დღეს, 23 დეკემბერს, საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმეკვირიანი კრიზისის შემდეგ აირჩიეს ჩხოროწყუში. საკრებულოს თავმჯდომარე გახდა გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი, შოთა წურწუმია.

გარეკანის ფოტო: ლაივპრესი

მასალების გადაბეჭდვის წესი