საზოგადოება

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას გუნდის წევრი შოთა წურწუმია გახდა

23 დეკემბერი, 2021 • 4049
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას გუნდის წევრი შოთა წურწუმია გახდა

ჩხოროწყუ ქვეყნის მასშტაბით პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ ხუთშაბათს, 23 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა აირჩიეს გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა წურწუმია.

კენჭისყრაში 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. შოთა წურწუმიამ საკრებულოს 14 წევრის მხარდაჭერა მიიღო. თავმჯდომარის ასარჩევად ზუსტად 14 ხმა იყო საჭირო. ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

27-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 12 დეპუტატი ჰყავს, ენმ-სა და გახარიას პარტიას- 7-7, ხოლო „ლელოს“ – 1. შოთა წურწუმია სხვა ოპოზიციონერების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების“ ხმების დახმარებით აირჩიეს თავმჯდომარედ.

სხდომის გადადების მოთხოვნა და დისკუსია

„ქართულ ოცნებას“ ამ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა არ დაუყენებია. წინა რამდენიმე შემთხვევაში კანდიდატი იყო ჯუმბერ იზორია, პოლიციის ყოფილი უფროსი და ყოფილი პარლამენტარი.

დღევანდელ სხდომაზე მან განაცხადა, რომ კანდიდატურას არ აყენებდა, თუმცა სხდომის გადადება მოითხოვა დამატებითი კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებებისათვის.

„ჩხოროწყუს სიყვარული თუ გვაქვს, თუ მართლა გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გადავდოთ სხდომა… თავმჯდომარის არჩევის თემა არსად არ გაგვექცევა, უბრალოდ ვიფიქროთ. სად გვეჩქარება“, – იკითხა სხდომის განახლების შემდეგ ჯუმბერ იზორიამ და კიდევ ერთხელ გამოვიდა სხდომის გადადების ინიციატივით.

ამაზე პასუხად „ლელოს“ წარმომადგენელმა, კორნელი წურწუმიამ უპასუხა, რომ სხდომის გადადების შემთხვევაში კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, მათ შორის გელა მამფორიამ და დაზმირ დარსალიამ, ასევე განაცხადეს, რომ საკრებულოს სხდომა უნდა გადაიდოს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კობა ჯიქიამ შოთა წურწუმიას ჰკითხა, თუ ვინ იქნება საკრებულოს პირველი მოადგილე, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ჯანო პერტაიამ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას რომ ეთქვა ჩხოროწყუს მოსახლეობისთვის, რომ ენმ-ს „შეერწყმებოდა“, ხმების ამ რაოდენობას ვერ მიიღებდა.

კენჭისყრა

ოპოზიციამ საკრებულოს მოუწოდა, სხდომა და ხმის მიცემის პროცედურა გაეგრძელებინათ.

მას შემდეგ, რაც გახარიას პარტიის („საქართველოსთვის“), „ლელოსა“ და ენმ-ის წევრებმა სხდომის გადადებაზე საბოლოოდ განაცხადეს უარი, „ოცნების“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო დარჩენილმა 15-მა დეპუტატმა.

„კოჰაბიტაცია“ ჩხოროწყუში

ჩხოროწყუ არის 80-დან პირველი მუნიციპალიტეტი ქვეყანაში, რომელსაც ოპოზიციური საკრებულო ჰყავს.

საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე, შოთა წურწუმია 32 წლისაა. ადგილობრივი საზოგადოება მას დიდი ხანია იცნობს, როგორ პოეტს (იგი მეგრულ ენაზე წერს ლექსებს).

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წურწუმია ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში აირჩიეს მაჟორიტარ დეპუტატად.

ჩხოროწყუს მერი არის დათო გოგუა, რომელიც 2014 წლიდან ჩხორწყუს გამგებელი, 2017 წლიდან კი მერი იყო. ის კიდევ ერთი ვადით 2021 წლის არჩევნებზე აირჩიეს მერად.

შესაბამისად, ამომრჩეველი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გარდაუვალ „კოჰაბიტაციას“ იხილავს.

2022 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია – ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა.

უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორ გადანაწილდება პოზიციები საკრებულოში.

ჩხოროწყუს მეზობელი მუნიციპალიტეტი, წალენჯიხა, ერთადერთია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს, თუმცა იქ საკრებულოს უმრავლესობის საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი