ახალი ამბები

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ენმ-ის წევრი აირჩიეს

23 დეკემბერი, 2021 • 1502
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ენმ-ის წევრი აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, შოთა წურწუმიას არჩევის შემდეგ, მის პირველ მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აირჩიეს.

სხდომის განახლების შემდეგ, თავმჯდომარეს, შოთა წურწუმიას ჰქონდა შესაძლებლობა, თავად დაესახელებინა პირველი მოადგილე, თუმცა მან პირველი მოადგილის ვინაობის არჩევა ენმ-ს დაუთმო.

პირველი მოადგილის კანდიდატად საბოლოოდ ენმ-ის წევრი რამაზ თოლორდავა დაასახელეს და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი გახდა კორნელი წურწუმია, „ლელოს“ წარმომადგენელი საკრებულოში.

სხვა თანამდებობები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


ჩხოროწყუ ქვეყნის მასშტაბით პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ ხუთშაბათს, 23 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა აირჩიეს გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა წურწუმია.

კენჭისყრაში 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. შოთა წურწუმიამ საკრებულოს 14 წევრის მხარდაჭერა მიიღო. თავმჯდომარის ასარჩევად ზუსტად 14 ხმა იყო საჭირო. ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

27-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 12 დეპუტატი ჰყავს, ენმ-სა და გახარიას პარტიას- 7-7, ხოლო „ლელოს“ – 1. შოთა წურწუმია სხვა ოპოზიციონერების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების“ ხმების დახმარებით აირჩიეს თავმჯდომარედ.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი