ახალი ამბები

საქართველოში “ომიკრონის” 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა — გამყრელიძე

23 დეკემბერი, 2021 • 1663
საქართველოში “ომიკრონის” 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა — გამყრელიძე

საქართველოში COVID-19-ის “ომიკრონ” შტამის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქია.

გამყრელიძის სიტყვებით, ხსენებულმა შტამმა, “ფაქტობრივად, დაიწყო ცირკულაცია ქვეყანაში”.

“ამ ეტაპისთვის დაემატა [„ომიკრონის“ შტამის] კიდევ ხუთი შემთხვევა, რომელიც დადასტურდა ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში.

სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 29 შემთხვევა, თუმცა, ალბათ, გაცილებით მეტია, რადგან იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს დაგზავნილი, თუ სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები ბოლო დღეების განმავლობაში უფრო და უფრო გახშირდა.

მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება, დაშვებული იქნას, რომ იყოს “ომიკრონი”. შემდეგ მისი გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში.

ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ გახლავთ „ომიკრონის“ შტამი”, — დასძენს გამყრელიძე.

მისივე სიტყვებით, დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა სტაციონარული დახმარება, დანარჩენი შემთხვევები კი მსუბუქად მიმდინარეობს. გამყრელიძის ინფორმაციით, ამ პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებულია.

წამყვანის კითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოში “ომიკრონი” დომინანტი შტამი გახდეს, ამირან გამყრელიძემ ასე უპასუხა:

“დიდი ალბათობით, გახდება. მას დრო დასჭირდება. ჩვენი პროგონიზით, ალბათ, ეს დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებისთვის იქნება. დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება, რომ ის გახდეს დომინანტი. მე სხვა ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე ვსაუბრობ”.

საქართველოში “ომიკრონის” პირველი შემთხვევების დადასტურების შესახებ ამირან გამყრელიძემ 20 დეკემბერს განაცხადა.

ომიკრონი საქართველოშია — რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი