საზოგადოება

ომიკრონი საქართველოშია — რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამზე?

20 დეკემბერი, 2021 • 3986
ომიკრონი საქართველოშია — რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამზე?

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონი“ 4-ჯერ უფრო გადამდებია „დელტასთან“ შედარებით, მოსალოდნელია, ის მალე დომინანტი შტამი გახდეს საქართველოში.

რა ვიცით „ომიკრონის“ შესახებ?

კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529 (ომიკრონი) პირველად სამხრეთ აფრიკაში (თუმცა შესაძლოა, სხვა ქვეყანაში წარმოიქმნა), 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა. 26 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ შტამს შეშფოთების სტატუსი (VOC) მიანიჭა. ამ ტერმინს იყენებენ მაშინ, როცა ვირუსის გავრცელების სისწრაფე შეიძლება იყოს მაღალი, ახასიათებდეს მაღალი ვირულენტობა (დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი) და ასევე, მოქმედებდეს ვაქცინების ეფექტიანობაზე; აღმოჩენილია, ასევე, „ომიკრონის“ ორი ქვეშტამი, რომელთაც შესაძლებელია, დაავადების განსხვავებული მიმდინარეობა ჰქონდეთ.

დადასტურებიდან 2 კვირაში სამხრეთ აფრიკის რეგიონში, სადაც მუტირებული შტამი დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 1%-დან 16.4%-მდე გაიზარდა. ასევე, მომატებულია დაინფიცირების მაჩვენებელი სკოლის ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში და ჰოსპიტალიზაცია — 20-44 ასაკობრივ ჯგუფში და 2 წლის ქვევით ბავშვებში.

„ომიკრონს“ 50-მდე მუტაცია აქვს, მათ შორის, 26-32 სპაიკ ცილის მუტაცია. სპაიკ ცილა ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ სპაიკ ცილის მეშვეობით აღწევს. აღნიშნული მუტაციების ანალოგები დადგენილია კორონავირუსის „დელტა“ და „ალფა“ ვარიანტებში, რაც, NCDC-ის თანახმად, შესაძლოა გარკვეულწილად იყოს მიზეზი დაავადების მიმდინარეობის შემდგომი დამძიმების და ინფექციის მაბლოკირებელი ანტისხეულების ეფექტურობის შემცირების. გარკვეული კვლევა ვარაუდობს, რომ „ომიკრონს“ შეუძლია მოახდინოს სპეციფიკური მუტაცია სხვა ვირუსის გენომიდან, როგორიცაა სეზონური კორონავირუსი, რომელიც იწვევს გაციებას.

19 დეკემბრის მონაცემებით, „ომიკრონი“ დადასტურებულია 90-ზე მეტ ქვეყანაში. 70 ქვეყანამ პრევენციის მიზნით გაამკაცრა ზომები, მათ შორის, საზღვარზე შემსვლელთათვის რეგულაციები, და გააუქმა საშობაო სადღესასწაულო ღონისძიებები. მაგალითად, ნიდერლანდებში დაწესდა ღამის „კომენდანტის საათი“; იტალია განიხილავს უარყოფითი ტესტის ჩვენების ვალდებულებას ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის, ვაქცინირებულებისთვის; ისრაელმა მოქალაქეებს მოუწოდა, იმუშაონ სახლიდან, როდესაც ეს შესაძლებელია. „ომიკრონის“ გამო დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გადაიდო.

რით განსხვავდება „ომიკრონი“ სხვა შტამებისგან?

ამ დროისთვის დადგენილია, რომ „ომიკრონი“ ოთხჯერ უფრო გადამდებია „დელტა“ შტამთან შედარებით, 3-ჯერ გაზრდილია რეინფიცირების სიხშირე და საინკუბაციო პერიოდი 2-დან ოთხი დღეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, გრიპისმიერი მოვლენები უფრო მწვავედ არის გამოხატული, ხოლო კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება.

გაერთიანებული სამეფოსა და სამხრეთ აფრიკის მონაცემები დაავადების მიმდინარეობასა და ჰოსპიტალიზაციაზე მიუთითებს, რომ „ომიკრონი“ „დელტაზე“ 3-6-ჯერ მეტ ადამიანს აინფიცირებს, თუმცა დაავადების მიმდინარეობა, შესაძლოა, უფრო მსუბუქი იყოს. სამხრეთ აფრიკაში მთლიანი მოსახლეობის რაოდენობიდან, ჯამში, 29%-ით შემცირებულია ჰოსპიტალიზაცია წინა შტამებთან შედარებით.

ვაქცინა და მკურნალობის მეთოდები

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) კვლევა ადასტურებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამისგან თავდასაცავად ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის და აუცილებელია მესამე, ბუსტერ დოზა.

„ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად იცავს ვაქცინაცია ან გადატანილი ინფექცია „ომიკრონის“ შტამისგან. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 70%-ს ჰქონდა მიღებული COVID-19 ვაქცინის ორი დოზა, ხოლო 90%-ს- ანტისხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ. შედარებისთვის, ვაქცინაციის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია სამხრეთ აფრიკაში, თუმცა „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება ორივე ქვეყანაში. UKHSA ვარაუდობს, რომ COVID-19 ვაქცინის ორი დოზის მიღებიდან 25 კვირაში სიმპტომური დაავადებისგან დაცვა შეიძლება იყოს 10%-ზე ნაკლები „ომიკრონის“ ვარიანტის შემთხვევაში, დელტა ვარიანტის- 40%-თან შედარებით“, — ვკითხულობთ Lancet-ში.

mRNA ვაქცინის მწარმოებლებმა — Pfizer-BioNTech-მა და Moderna-მ — განაცხადეს, რომ შეუძლიათ 100 დღის განმავლობაში სპეციფიკურად „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინების წარმოება (ამჟამინდელი ვაქცინები ეფუძნება ვუჰანის შტამს), რომელიც სავარაუდოდ, მხოლოდ ორ დოზას მოითხოვს. თუმცა მანამდე სპეციალისტები მოქალაქეებს ბუსტერ დოზით აცრას ურჩევენ.

წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, თითქმის არ გვთავაზობს დაცვას „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირებისგან, თუმცა ყველა ვაქცინა მაინც უზრუნველყოფს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დაცვას. მხოლოდ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები,  გაძლიერებული მესამე დოზით, ეფექტურია ინფიცირების წინააღმდეგ. სხვა ვაქცინები, მათ შორის AstraZeneca, Johnson & Johnson, „სპუტნიკი“ და ჩინეთში წარმოებული ინაქტივირებული ვაქცინები (სინოფარმი და სინოვაკი) „ომიკრონის“ გავრცელებას ვერ აჩერებენ.

ეს არ ნიშნავს, რომ ორი დოზით აცრილი ადამიანები საერთოდ არ არიან დაცულნი „ომიკრონისგან“, რადგან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები ეფუძნება მხოლოდ მანეიტრალიზებელი ანტისხეულების გამოთვლას, თუმცა კოვიდის მიმართ იმუნიტეტი არა მხოლოდ მანეიტრალიზებელ ანტისხეულებზე, არამედ T და B უჯრედებში გამომუშავებულ იმუნიტეტზეა დამოკიდებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, PCR ტესტები ამოიცნობენ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს. კვლევები მიმდინარეობის დასადგენად, სხვა ტესტების, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტების სიზუსტე იცვლება თუ არა „ომიკრონის“ შემთხვევაში.

რაც შეეხება მკურნალობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არსებული მკურნალობის მეთოდებიდან კორტიკოსტეროიდები და IL6 რეცეპტორების ბლოკატორები „ომიკრონის“ მძიმე მიმდინარეობასთან მიმართებაში ეფექტურობას ინარჩუნებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი