ახალი ამბები

დადასტურდა, რომ გახარიას პარტია და ენმ ერთი ძალის ორი განშტოებაა — სუბარი

23 დეკემბერი, 2021 • 2588
დადასტურდა, რომ გახარიას პარტია და ენმ ერთი ძალის ორი განშტოებაა — სუბარი

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ სოზარ სუბარის განცხადებით, პარტიები „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა.

მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი, „ააშკარავებს ტყუილს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან არ თანამშრომლობდა.“

სუბარმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გიორგი გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, ხოლო საკუთარი ქმედებებით გიორგი გახარია ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამდა წყალს.

დღეს, როდესაც ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტიის „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია.

ამასთანავე, მომხდარი ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს ყველასთვის აშკარა გახდა.

რეალურად, მთელი ეს თვეები ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის გასაფორმებლად ემზადებოდა. დღეს კი ნაციონალური მოძრაობის სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და, ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ.

დადასტურდა ისიც, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას, თუმცა ვარწმუნებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ მათი ეს ქმედებები კრახისთვისაა განწირული და სწორედ „ქართული ოცნებაა“ იმის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონების განვითარებას საფრთხე არ შეექმნება“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჩხოროწყუ ქვეყნის მასშტაბით პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ ხუთშაბათს, 23 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა აირჩიეს გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა წურწუმია.

კენჭისყრაში 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. შოთა წურწუმიამ საკრებულოს 14 წევრის მხარდაჭერა მიიღო. თავმჯდომარის ასარჩევად ზუსტად 14 ხმა იყო საჭირო. ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

27-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 12 დეპუტატი ჰყავს, ენმ-სა და გახარიას პარტიას- 7-7, ხოლო „ლელოს“ – 1. შოთა წურწუმია სხვა ოპოზიციონერების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების“ ხმების დახმარებით აირჩიეს თავმჯდომარედ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი