დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გადაიდო, რისი მიზეზიც კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის გავრცელების რისკია.
ღონისძიება 17-21 იანვარს იყო დაგეგმილი. ფორუმმა ღონისძიების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ორშაბათს, 20 დეკემბერს გამოაცხადა.
მსოფლიოს მასშტაბით კოვიდის ომიკრონის შტამის ფართოდ გავრცელების ფონზე ფორუმი, სავარაუდოდ, ზაფხულამდე გადაიდო.
„მიუხედავად მკაცრი ჯანდაცვის პროტოკოლებისა, ომიკრონის გავრცელების ტემპებმა და მოგზაურობაზე მისმა ზეგავლენამ აუცილებელი გახადა ღონისძიების გადადება“, – განაცხადა ედრიან მონკმა, ფორუმის სპიკერმა.
ჯერ კიდევ გასულ ხუთშაბათს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აცხადებდა, რომ ღონისძიება, რომელზეც ასობით პოლიტიკოსი და ლიდერი იკრიბება, მაინც ჩატარდებოდა.
ამჟამად ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 17-21 იანვარს ონლაინ სესიები გაიმართება იმის შესახებ, თუ „რა მდგომარეობაში იმყოფება მსოფლიო“.
გასული კვირის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ომიკრონის შტამი 89 ქვეყანაში დაფიქსირდა და ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები ყოველ 1.5-3 დღეში ორმაგდება.
რამდენიმე დღის წინ „ბლუმბერგმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იანვარში დავოსში არ ჩავიდოდა.
ჯანმოს თანახმად, ომიკრონის(B.1.1.529) შტამი თავდაპირველად 9 ნოემბერს შეგროვილ ნიმუშებს შორის გამოავლინეს. ახალი შტამი ამავე ორგანიზაციის მიერ შეფასდა ვარიანტად, რომელიც „შეშფოთების საფუძველს იძლევა“.
ყველაზე პრობლემური დეტალი, რომელმაც მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო, შტამში არსებული მუტაციების რაოდენობაა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეპიდემიოლოგიურ უწყებაში ამბობენ, რომ ახალ ვარიანტში, მთლიანობაში, დაფიქსირდა 50 მუტაცია, მათგან 30 – “საცეც ცილაზე”.
საცეცი ცილა (spike protein) ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.
ომიკრონის შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 20 დეკემბერს თქვა, რომ ომიკრონის შტამით ინფიცირების ორი შემთხვევაა დადასტურებული.
გირჩევთ წაიკითხოთ: