ახალი ამბები

წელს “ოცნება” დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას არ დაესწრება

16 იანვარი, 2025 •
წელს “ოცნება” დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას არ დაესწრება

წელს “ქართული ოცნების” მთავრობის წევრები არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმს და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას არ დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს “ოცნების” მთავროის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.

აქამდე საქართველო ყოველწლიურად იყო წარმოდგენილი ორივე მათგანზე.

თავდაპირველად, “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს არ ეუბნებოდნენ მიზეზს, თუ რატომ არ მიდიან აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმებზე. მოგვიანებით, დაგვიდასტურეს დაადასტურეს, რომ მათ მოწვევა არ მიუღიათ.

დავოსი ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმია, რომელიც 50 წელიწადზე მეტია იმართება და მისი მიზანი საერთაშორისო ეკონომიკური დიალოგების წარმართვაა. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესისა თუ ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები. ფორუმს, როგორც წესი, ესწრებიან წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი გაერთიანებები

მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 3 000 წარმომადგენელი 130 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დებატების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში. კონფერენცია თავს უყრის დიპლომატიაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და უკვე 50-ზე მეტი წელია, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი