კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის სიტყვა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე:
ჩემთვის სასიამოვნოა – და ამავე დროს ვალდებულებაც – ვიყო თქვენთან ერთად კანადისა და მსოფლიოსთვის ამ გარდამტეხ მომენტში.
დღეს ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევის, ლამაზი ისტორიის დასასრულისა და იმ სასტიკი რეალობის დასაწყისის, სადაც დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკა არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება.
თუმცა აქვე გეტყვით, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით კი კანადის მსგავსი საშუალო ძალის მქონე სახელმწიფოები, არ არიან უძლურნი. მათ შესწევთ უნარი, ააგონ ახალი წესრიგი, რომელიც განასახიერებს ჩვენს ღირებულებებს: ადამიანის უფლებების პატივისცემას, მდგრად განვითარებას, სოლიდარობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაკლებად ძლიერთა ძალაუფლება გულწრფელობით იწყება.
ყოველდღიურად გვახსენებენ, რომ დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში ვცხოვრობთ; რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი ფერმკრთალდება; ძლიერი აკეთებს იმას, რაც შეუძლია, ხოლო სუსტი იტანს იმას, რაც სავალდებულოა.
თუკი დიდეს ეს აფორიზმი წარმოდგენილია როგორც გარდაუვალობა – საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებრივი ლოგიკის აღდგენა, ამ ლოგიკის წინაშე კი ქვეყნებს უჩნდებათ ძლიერი მიდრეკილება, შეეგუონ სიტუაციას, რათა თავი გადაირჩინონ, მოერგონ, თავიდან აირიდონ უსიამოვნებები, ჰქონდეთ იმედი, რომ მორჩილებით უსაფრთხოებას იყიდიან.
ვერ იყიდიან.
მაშ, რა არჩევანი გვაქვს?
1978 წელს ჩეხმა დისიდენტმა, ვაცლავ ჰაველმა დაწერა ესეი, სათაურით „ძალა უძალოთა“. მან დასვა მარტივი შეკითხვა: როგორ ინარჩუნებდა რეჟიმს კომუნისტური სისტემა?
მისი პასუხი იწყებოდა ბოსტნეულის გამყიდვლით. ყოველ დილით ეს გამყიდველი ვიტრინაზე აკრავს ლოზუნგს: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!“ მას ამის არ სჯერა. არავის სჯერა. მაგრამ ის მაინც ჰკიდებს აბრას – რათა თავიდან აირიდოს უსიამოვნება, გამოხატოს მორჩილება და შეეგუოს გარემოს. და რადგან ყველა გამყიდველი ყველა ქუჩაზე იმავეს აკეთებს, სისტემა განაგრძობს არსებობას.
არა მხოლოდ ძალადობის, არამედ რიტუალებში რიგითი ადამიანების მონაწილეობის ხარჯზე, რომელთა სიყალბეც მათ გულის სიღრმეში იციან.
ჰაველმა ამას „სიცრუეში ცხოვრება“ უწოდა. სისტემის ძალა მოდის არა მისი ჭეშმარიტებიდან, არამედ ყველას მზაობიდან, მოიქცნენ ისე, თითქოს ეს სიმართლე იყოს. მისი სიმყიფეც ამავე წყაროდან მომდინარეობს: როგორც კი თუნდაც ერთი ადამიანი შეწყვეტს თამაშს — როდესაც გამყიდველი ჩამოხსნის აბრას — ილუზია ბზარების გაჩენას იწყებს.
დროა, კომპანიებმა და ქვეყნებმა ჩამოხსნან თავიანთი აბრები.
ათწლეულების განმავლობაში კანადის მსგავსი ქვეყნები ყვაოდნენ იმ სისტემაში, რომელსაც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ვუწოდებდით. ჩვენ გავწევრიანდით მის ინსტიტუტებში, ვადიდებდით მის პრინციპებს და ვსარგებლობდით მისი პროგნოზირებადობით. მისი მფარველობის ქვეშ შეგვეძლო გვეწარმოებინა ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა.
ჩვენ ვიცოდით, რომ ისტორია საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის შესახებ ნაწილობრივ ყალბი იყო. ვიცოდით, რომ უძლიერესები საკუთარ თავს გაათავისუფლებდნენ წესებისგან მაშინ, როცა ეს მათთვის მოსახერხებელი იქნებოდა; რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად სრულდებოდა; და რომ საერთაშორისო სამართალი განსხვავებული სიმკაცრით გამოიყენებოდა, ბრალდებულისა თუ მსხვერპლის ვინაობიდან გამომდინარე.
ეს ფიქცია სასარგებლო იყო, კერძოდ კი, ამერიკულმა ჰეგემონიამ ხელი შეუწყო საზოგადოებრივი სიკეთეების უზრუნველყოფას: ღია საზღვაო გზებს, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და დავების გადაწყვეტის მექანიზმების მხარდაჭერას.
ამიტომ ჩვენც გავაკარით აბრა ვიტრინაზე. მონაწილეობა მივიღეთ რიტუალებში. და დიდწილად თავს ვიკავებდით რიტორიკასა და რეალობას შორის არსებულ უფსკრულზე საუბრისგან.
ეს გარიგება აღარ მუშაობს.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ ვართ არა გარდამავალ ეტაპზე, არამედ რღვევის პროცესში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კრიზისების სერიამ ფინანსებში, ჯანდაცვაში, ენერგეტიკასა და გეოპოლიტიკაში გამოააშკარავა ექსტრემალური გლობალური ინტეგრაციის რისკები.
უფრო ახლო წარსულში კი დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ეკონომიკური ინტეგრაციის იარაღად გამოყენება. ტარიფები — ბერკეტად; ფინანსური ინფრასტრუქტურა — იძულების იარაღად; მიწოდების ჯაჭვები — ექსპლუატაციისთვის განკუთვნილ სისუსტეებად.
თქვენ ვერ „იცხოვრებთ სიცრუეში“ და ვერ დაიჯერებთ ინტეგრაციის ორმხრივ სარგებელს მაშინ, როდესაც ინტეგრაცია თქვენი დაქვემდებარების წყარო ხდება.
მრავალმხრივი ინსტიტუტები, რომლებსაც საშუალო ძალის სახელმწიფოები ეყრდნობოდნენ — მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO), გაერო, კლიმატის კონფერენცია (COP) — კოლექტიური პრობლემების გადაჭრის მთელი არქიტექტურა, საგრძნობლად დაკნინებულია.
შედეგად, ბევრი ქვეყანა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: მათ უნდა განივითარონ მეტი სტრატეგიული ავტონომია ენერგეტიკაში, სურსათში, კრიტიკულ მინერალებში, ფინანსებსა და მიწოდების ჯაჭვებში.
ეს იმპულსი გასაგებია. ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის გამოკვება, ენერგიით უზრუნველყოფა ან დაცვა, ცოტა არჩევანი აქვს. როდესაც წესები აღარ გიცავთ, საკუთარი თავი თავად უნდა დაიცვათ.
მაგრამ, მოდით, ნათლად დავინახოთ, სადამდე მივყავართ ამას. ციხესიმაგრეების სამყარო იქნება უფრო ღარიბი, მყიფე და ნაკლებად მდგრადი.
არის კიდევ ერთი სიმართლე: თუ დიდი სახელმწიფოები ძალაუფლებისა და ინტერესების შეუფერხებელი დევნისთვის წესებისა და ღირებულებების მოჩვენებითობაზეც კი იტყვიან უარს, „ტრანზაქციული“ (გარიგებებზე დაფუძნებული) მიდგომიდან სარგებლის მიღება გართულდება. ჰეგემონები მუდმივად ვერ მოახდენენ ურთიერთობების მონეტიზაციას.
გაურკვევლობისგან თავის დასაზღვევად მოკავშირეები დივერსიფიკაციას მიმართავენ. იყიდიან დაზღვევას. გაზრდიან არჩევანს. ეს აღადგენს სუვერენიტეტს – სუვერენიტეტს, რომელიც ოდესღაც წესებს ეფუძნებოდა, მაგრამ სულ უფრო მეტად დაეფუძნება ზეწოლის გაძლების უნარს.
როგორც ვთქვი, რისკების მსგავს კლასიკურ მართვას თავისი ფასი აქვს, მაგრამ სტრატეგიული ავტონომიისა და სუვერენიტეტის ეს საფასური შეიძლება გადანაწილდეს. გამძლეობაში კოლექტიური ინვესტიციები უფრო იაფია, ვიდრე ყველას მიერ საკუთარი ციხესიმაგრის აგება. საერთო სტანდარტები ამცირებს ფრაგმენტაციას. ურთიერთშევსებადობას მოაქვს დადებითი ჯამი.
კანადის მსგავსი საშუალო ძალის სახელმწიფოებისთვის კითხვა ის კი არ არის, უნდა მოვერგოთ თუ არა ახალ რეალობას — ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ. კითხვა ისაა, მოვერგებით მხოლოდ კედლების სიმაღლის ზრდით თუ შეგვიძლია რამე უფრო ამბიციურის გაკეთება.
კანადა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გაიგო ეს გამოსაფხიზლებელი ზარი, რამაც გვიბიძგა, ფუნდამენტურად შეგვეცვალა ჩვენი სტრატეგიული პოზიციონირება.
კანადელებმა იციან, რომ ჩვენი ძველი, კომფორტული ვარაუდი, თითქოს ჩვენი გეოგრაფია და ალიანსების წევრობა ავტომატურად გვანიჭებდა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, ძალას კარგავს.
ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რაც ალექსანდრე სტუბმა „ღირებულებებზე დაფუძნებულ რეალიზმად“ მოიხსენია — ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია, ვიყოთ პრინციპულები და პრაგმატულები.
პრინციპულები ფუნდამენტური ღირებულებების ერთგულებაში: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენების აკრძალვა (გარდა გაეროს წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ადამიანის უფლებების პატივისცემა.
პრაგმატულები იმის აღიარებაში, რომ პროგრესი ხშირად ეტაპობრივია, რომ ინტერესები განსხვავდება და ყველა პარტნიორი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ვერთვებით ფართო, სტრატეგიულ ურთიერთობებში ღია თვალებით. ჩვენ აქტიურად ვიღებთ სამყაროს ისეთს, როგორიც ის არის და არ ველოდებით სამყაროს, როგორიც გვსურს, რომ იყოს.
კანადა აწესრიგებს ურთიერთობებს ისე, რომ მათი სიღრმე ასახავდეს ჩვენს ღირებულებებს. მსოფლიო წესრიგის ცვალებადობის, ამით გამოწვეული რისკებისა და სამომავლო საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ ფართო ჩართულობას ჩვენი გავლენის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.
ჩვენ აღარ ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენი ღირებულებების ძალას, არამედ ჩვენი ძალის ღირებულებასაც.
ჩვენ ამ ძლიერებას სახლში, ჩვენსავე ქვეყანაში ვაშენებთ.
მას შემდეგ, რაც ჩემი მთავრობა მოვიდა სათავეში, ჩვენ შევამცირეთ გადასახადები შემოსავალზე, კაპიტალის ზრდასა და ბიზნესინვესტიციებზე; მოვხსენით ყველა ფედერალური ბარიერი პროვინციათაშორის ვაჭრობაზე და დაჩქარებული წესით ვახორციელებთ ტრილიონი დოლარის ინვესტიციას ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, კრიტიკულ მინერალებში, ახალ სავაჭრო დერეფნებსა და სხვა სფეროებში.
ჩვენ 2030 წლისთვის ვაორმაგებთ თავდაცვის ხარჯებს და ამას ვაკეთებთ ისე, რომ ხელი შეეწყოს ადგილობრივი ინდუსტრიების განვითარებას.
ჩვენ სწრაფად ვახდენთ დივერსიფიკაციას საზღვარგარეთ. შევთანხმდით ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ევროკავშირთან, მათ შორის SAFE-ში (ევროპის თავდაცვის შესყიდვების შეთანხმება) გაწევრიანებაზე.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ოთხ კონტინენტზე ხელი მოვაწერეთ თორმეტ სხვა სავაჭრო და უსაფრთხოების ხელშეკრულებას.
გასულ დღეებში გავაფორმეთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთსა და ყატართან.
ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის პაქტებზე ინდოეთთან, ASEAN-თან, ტაილანდთან, ფილიპინებთან და Mercosur-თან.
გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ვიყენებთ ცვალებად გეომეტრიას — ვქმნით განსხვავებულ კოალიციებს სხვადასხვა საკითხისთვის, ღირებულებებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
უკრაინის საკითხში ვართ „მსურველთა კოალიციის“ ძირითადი წევრი და ერთ სულ მოსახლეზე მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორი.
არქტიკის სუვერენიტეტთან დაკავშირებით მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის გვერდით და სრულად ვუჭერთ მხარს მათ უნიკალურ უფლებას, განსაზღვრონ გრენლანდიის მომავალი. მე-5 მუხლისადმი ჩვენი ერთგულება ურყევია.
ჩვენ ვმუშაობთ ნატოელ მოკავშირეებთან (მათ შორის სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებთან), რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ალიანსის ჩრდილოეთი და დასავლეთი ფლანგების უსაფრთხოება, მათ შორის კანადის უპრეცედენტო ინვესტიციებით ჰორიზონტს მიღმა რადარებში, წყალქვეშა ნავებში, ავიაციასა და სახმელეთო ძალებში. კანადა მტკიცედ ეწინააღმდეგება ტარიფებს გრენლანდიის მიმართ და მოუწოდებს ფოკუსირებული მოლაპარაკებებისკენ არქტიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების მისაღწევად.
მრავალმხრივ ვაჭრობაში ჩვენ ვლიდერობთ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასა და ევროკავშირს შორის ხიდის აგების მცდელობებში, რითაც ვქმნით ახალ სავაჭრო ბლოკს, რომელიც მოიცავს 1.5 მილიარდ ადამიანს.
კრიტიკულ მინერალებთან დაკავშირებით G7-ის ბაზაზე ვქმნით „მყიდველთა კლუბებს“, რათა მსოფლიომ შეძლოს კონცენტრირებული მიწოდებისგან დივერსიფიცირება.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში ვთანამშრომლობთ თანამოაზრე დემოკრატიებთან, რათა საბოლოოდ არ მოგვიწიოს არჩევანის გაკეთება ჰეგემონებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს (hyperscalers) შორის.
ეს არ არის გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. არც დაკნინებულ ინსტიტუტებზე დაყრდნობა. ეს არის ქმედითი კოალიციების მშენებლობა კონკრეტული საკითხების ირგვლივ, იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებთანაც საკმარისი საერთო გვაქვს ერთობლივი მოქმედებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იქნება ერების დიდი უმრავლესობა.
და ეს ქმნის კავშირების მჭიდრო ქსელს ვაჭრობაში, ინვესტიციებსა და კულტურაში, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ სამომავლო გამოწვევებისა და შესაძლებლობების დროს.
საშუალო ძალის სახელმწიფოებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ სხედხართ, სავარაუდოდ, მენიუში ხართ.
დიდ სახელმწიფოებს აქვთ ფუფუნება, იმოქმედონ დამოუკიდებლად. მათ აქვთ ბაზრის ზომა, სამხედრო პოტენციალი და პირობების კარნახის ბერკეტები. საშუალო ძალის სახელმწიფოებს ეს არ გააჩნიათ. მაგრამ როდესაც ჰეგემონთან მხოლოდ ორმხრივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჩვენ სუსტი პოზიციიდან ვსაუბრობთ. ვიღებთ იმას, რასაც გვთავაზობენ. ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო დამთმობი იქნება.
ეს არ არის სუვერენიტეტი. ეს სუვერენიტეტის გათამაშებაა დაქვემდებარებასთან შეგუების პარალელურად.
დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის სამყაროში, მათ შორის არსებულ ქვეყნებს აქვთ არჩევანი: გაეჯიბრონ ერთმანეთს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ან გაერთიანდნენ და შექმნან გავლენიანი მესამე გზა.
უხეში ძალის აღზევებამ არ უნდა დაგვაბრმავოს და არ უნდა დაგვავიწყოს ფაქტი, რომ ლეგიტიმაციის, კეთილსინდისიერებისა და წესების ძალა დარჩება ძლიერი — თუ ჩვენ ავირჩევთ მის ერთობლივად გამოყენებას.
რაც ისევ ჰაველთან მაბრუნებს.
რას ნიშნავს საშუალო ძალის სახელმწიფოებისთვის „ცხოვრება სიმართლეში“?
ეს ნიშნავს რეალობისთვის სახელის დარქმევას. შეწყვიტეთ „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ მოხმობა, თითქოს ის კვლავ ისე ფუნქციონირებს, როგორც გაცხადებული იყო. უწოდეთ სისტემას ის, რაც არის: დიდ სახელმწიფოებს შორის მზარდი მეტოქეობის პერიოდი, სადაც უძლიერესები საკუთარ ინტერესებს იცავენ ეკონომიკური ინტეგრაციის იძულების იარაღად გამოყენებით.
ეს ნიშნავს თანმიმდევრულ მოქმედებას. გამოიყენეთ ერთი და იგივე სტანდარტები მოკავშირეებისა და მეტოქეების მიმართ. როდესაც საშუალო ძალის სახელმწიფოები აკრიტიკებენ ეკონომიკურ დაშინებას ერთი მიმართულებიდან, მაგრამ დუმან, როცა ეს მეორე მხრიდან მოდის, ჩვენ კვლავ ვიტრინაზე ვაკრავთ აბრას.
ეს ნიშნავს, ავაშენოთ ის, რისიც, ჩვენივე მტკიცებით, გვჯერა. ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ ძველი წესრიგის აღდგენას, შევქმნათ ინსტიტუტები და შეთანხმებები, რომლებიც აღწერილის შესაბამისად ფუნქციონირებენ.
და ეს ნიშნავს იმ ბერკეტების შემცირებას, რომლებიც იძულებას ხდის შესაძლებლს. ძლიერი ადგილობრივი ეკონომიკის მშენებლობა ყოველთვის უნდა იყოს ნებისმიერი მთავრობის პრიორიტეტი. საერთაშორისო დონეზე დივერსიფიკაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური კეთილგონიერება. ეს არის პატიოსანი საგარეო პოლიტიკის მატერიალური საფუძველი. ქვეყნები პრინციპული პოზიციის უფლებას შურისძიების მიმართ საკუთარი მოწყვლადობის შემცირებით მოიპოვებენ.
კანადას აქვს ის, რაც მსოფლიოს სურს. ჩვენ ვართ ენერგეტიკული ზესახელმწიფო. ვფლობთ კრიტიკული მინერალების უზარმაზარ მარაგს. გვყავს მსოფლიოში ყველაზე განათლებული მოსახლეობა. ჩვენი საპენსიო ფონდები მსოფლიოს უმსხვილეს და ყველაზე გამოცდილ ინვესტორებს შორისაა. ჩვენ გვაქვს კაპიტალი, ნიჭი და გვყავს მთავრობა, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი ფისკალური შესაძლებლობა გადამწყვეტი მოქმედებისთვის.
და ჩვენ გვაქვს ღირებულებები, რომლებისკენაც მრავალი სხვა მიილტვის.
კანადა არის პლურალისტური საზოგადოება, რომელიც მუშაობს. ჩვენი საჯარო სივრცე არის ხმაურიანი, მრავალფეროვანი და თავისუფალი.
კანადელები რჩებიან მდგრადობის ერთგულნი.
ჩვენ ვართ სტაბილური, საიმედო პარტნიორი — სამყაროში, რომელიც ყველაფერია სტაბილურის გარდა; პარტნიორი, რომელიც აგებს და აფასებს გრძელვადიან ურთიერთობებს.
კანადას აქვს კიდევ ერთი რამ: მიმდინარე მოვლენების გაცნობიერება და, შესაბამისად მოქმედების გადაწყვეტილება.
ჩვენ გვესმის, რომ ეს რღვევა ადაპტაციაზე მეტს მოითხოვს. ის მოითხოვს გულწრფელობას სამყაროს მიმართ ისეთზე, როგორიც რეალურად არის.
ჩვენ ვხსნით აბრას ვიტრინიდან.
ძველი წესრიგი არ დაბრუნდება. ჩვენ არ უნდა ვიგლოვოთ ის. ნოსტალგია სტრატეგია არ არის.
მაგრამ ამ ნაპრალიდან ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ რაღაც უკეთესი, უფრო ძლიერი და უფრო სამართლიანი.
ეს არის საშუალო ძალის სახელმწიფოების ამოცანა, რომლებსაც ყველაზე მეტი აქვთ დასაკარგი ციხესიმაგრეების სამყაროში და ყველაზე მეტი სარგებელი — რეალური თანამშრომლობის სამყაროში.
ძლიერებს აქვთ თავიანთი ძალაუფლება. მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც – უნარი, შევწყვიტოთ თავის მოჩვენება, დავარქვათ სახელი რეალობას, ავაშენოთ ჩვენი ძლიერება შინ და ვიმოქმედოთ ერთად.
ეს არის კანადის გზა. ჩვენ მას ღიად და თავდაჯერებულად ვირჩევთ.
და ეს გზა ფართოდ არის ღია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ჩვენთან ერთად იაროს.








