ახალი ამბებისაზოგადოება

რეგულირების შედეგად სათამაშო ბიზნესის შემოსავლები 25-30%-ით შემცირდება – ასოციაცია

20 დეკემბერი, 2021 • 2114
რეგულირების შედეგად სათამაშო ბიზნესის შემოსავლები 25-30%-ით შემცირდება – ასოციაცია

„სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგად, სათამაშო ბიზნესის შემოსავლები 25-30%-ით შემცირდება.

„მოგების შემცირებაზე ახლა ძნელია საუბარი, მაგრამ სადღაც 25-30%-ით შემცირდება შემოსავალი, რადგან ის ხალხი, რომელსაც დღეს აუკრძალეს თამაში, გადალაგდება უცხოურ, არალეგალურ ბაზრებზე“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ გიორგი მამულაიშვილმა.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, – როდესაც რეგულაციები არ გულისხმობს სპონსორობის აკრძალვას, რის გამო აცხადებს ბიზნესი, რომ იძულებული ხდება, სპორტის სპონსორობა გააუქმოს, – მამულაიშვილმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი „ორი მნიშვნელოვანი გარემოებაა“:

  • „დღესდღეობით კანონპროექტით განსაზღვრულია საათში ერთხელ 10-წამიანი გაჟღერება ვიზუალიზაციის გარეშე. როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ სპორტსმენი დადგეს და იყვიროს, რომ „მე მაფინანსებს რომელიღაცა ბეთი“?
  • მეორე გარემოება ის არის, რომ საგადასახადო წნეხი იმდენად ეზრდებათ კომპანიებს, რომ იძულებულნი არიან, გააკეთონ ხარჯების ოპტიმიზაცია“, – განაცხადა მან.

 

„მოუწევს ბიზნესს იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რასაც სთავაზობს სახელმწიფო. ეს არის მოცემულობა და უნდა გამოვიდეთ აქედან, იმიტომ, რომ ეს ემსახურება საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა პარლამენტარმა დავით სონღულაშვილმა 15 დეკემბერს სათამაშო ბიზნესის შესახებ მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას.

რა ხდება?

პარლამენტმა 17 დეკემბერს მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს და ითვალისწინებს ონლაინ აზარტულ თამაშების ორგანიზატორი კომპანიების ახლებურად დაბეგვრას.

კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით, 13 დეკემბერს წარედგინა პარლამენტს.

ძირითადი ცვლილებები ასეთია:

  • სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება);
  • სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში;
  • ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.

ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ახალი შეზღუდვების პარალელურად, ამ შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

„სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ (GGA), რომელიც სათამაშო ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს აერთიანებს, აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებს მიიღებს, სათამაშო ბიზნესის სექტორი უარს იტყვის სპორტის სპონსორობაზე.

„კანონპროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე“, – აცხადებს ასოციაცია.

GGA-ს ორგანიზებით 20 დეკემბერს სპეციალური პრესკონფერენცია მოეწყო, სადაც სპორტსმენებმა ასოციაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორის იყვნენ ლევან საღინაშვილი, ლაშა ტალახაძე და ნინო ოძელაშვილი.

სპორტსმენებმა შესაბამის უწყებებს მოუწოდეს, არ მიიღონ ისეთი რეგულაციები, რაც სხვადასხვა სპორტულ მიმართულებასა და სპორტსმენს დააზარალებს.


ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 8 დეკემბერს განმარტა, თუ რას გულისხმობს მთავრობის ხედვით ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი წესით დაბეგვრა.

მინისტრის განცხადებით, იგეგმება, რომ ონლაინ სათამაშო ბიზნესი დაიბეგროს არა განაწილებული მოგების გადასახადით, არამედ მოხდეს ე.წ. GGR-ის დაბეგვრა 10%-ით.

GGR(Gross Gaming Revenue), ანუ თამაშების მთლიანი შემოსავალი, არის სხვაობა ამა თუ იმ კომპანიის მიერ მიღებული ფსონების რაოდენობასა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის.

მინისტრის თანახმად, მთავრობის ხედვით, იგეგმება სწორედ GGR-ის დაბეგვრა 10%-ით. მან ამ მექანიზმის ასეთი მაგალითი მოიყვანა:

„მაგალითად, თუ კონკრეტულ სათამაშო ოპერატორს თვის განმავლობაში მთლიანი შემოსავალი ჰქონდა 100 ლარი და აქედან მან [მოთამაშეებზე] გასცა 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ სხვაობა, ესე იგი GGR, არის 70 ლარი. შესაბამისად, მოხდება 70 ლარის 10%-ის დაბეგვრა, ანუ აღნიშნული ოპერატორი მომდევნო თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 7 ლარს გადაიხდის“.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობაში არ ვვარაუდობენ, რომ მომავალ წლებში შემცირებული იქნება საგადასახადო შემოსავლები „იმის ხარჯზე, რომ იქნება გარკვეულწილად პოლიტიკის ცვლილება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი