ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეპუტატებთან შეხვედრა მიმდინარეობს

20 დეკემბერი, 2021 • 1029
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეპუტატებთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეპუტატები შეხვედრაზე მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია შეხვედრის ზუსტი შინაარსი და მიზანი.

შეხვედრაზე მისულმა რამდენიმე დეპუტატმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი, მათ შორის, ოპოზიციონერმა დავით ბაქრაძემ.

„შერიგების პროცესი, ეს გახლავთ ბევრად უფრო რთული და გრძელვადიანი პროცესი და ამ ეტაპზე ჩემს ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს შერიგებაზე საუბარი. ამ ეტაპზე უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, რომ მუდმივი არასტაბილურობა არის ცუდი, პოლიტიკური დევნა და დაჭერები არის ცუდი. უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე“, – თქვა მან.

ის მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად უნდა შეუშვან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად – „იმიტომ, რომ ეს შეიძლება გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პრინციპებზე შეთანხმების პროცესში“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს ჟურნალისტებმა ასევე ჩაწერეს „ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი, ნინო წილოსანი და ეკა სეფიაშვილი.

ნინო წილოსანის თქმით, პრეზიდენტი საახალწლო წვეულებებსა და მიღებებს აწყობს – „მათ შორის, დღეს იქნება შეხვედრა პარლამენტარ ქალებთან და ქალ მერებთან, ვნახოთ, ვინ იქნება“.

რაც შეეხება შერიგების საკითხს, მან თქვა, რომ შერიგების პრინციპის წინააღმდეგი არაა, მაგრამ მას „თავისი წინაპირობები აქვს“.

ნეტგაზეთმა ჰკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს, იყო თუ არა ჩანიშნული დღეს პრეზიდენტის შეხვედრა ქალ დეპუტატებთან. პრესსმსახურში გვიპასუხეს, რომ ყველა შეხვედრის შესახებ ისინი ფოტო და წერილობით მასალას გაავრცელებდნენ, ქალ დეპუტატებთან შეხვედრასთან დაკავშირებით კი ინფორმაციას არ ფლობენ.


16 დეკემბერს ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის ნაწილი, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

“დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა თქვა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის შიგნიდან უნდა იმართოს და ეს უნდა იყოს “ქართული პროცესი”. მისი თქმით, ეს იქნება “ეროვნული თანხმობის პროცესი”, რომელიც იქნება ხანგრძლივი.

ნახეთ ვრცლად:

დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ – ზურაბიშვილი

ვინ (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი