ახალი ამბებირეკლამა

„რელიგიურად რაიმე ცუდის დანახვა ვაქცინაში – ეს არის ცრუ მანიპულირება“

18 დეკემბერი, 2021 •
„რელიგიურად რაიმე ცუდის დანახვა ვაქცინაში – ეს არის ცრუ მანიპულირება“

იმის მიუხედავად, რომ სპეციალისტები მუდმივად მოუწოდებენ მოსახლეობას აცრისკენ, ბევრი კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას მაინც ვერ ბედავს. ერთ-ერთ მიზეზად რელიგიაც სახელდება, არადა ჩვენ ირგვლივ აცრილი სასულიერო პირებიც არიან. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ვაქცინირებულია და ამბობს, რომ ამ ვაქცინის წყალობით კოვიდი მსუბუქად გადაიტანა. დეკანოზი ფიქრობს, რომ სასულიერო პირებმა არ უნდა დააბრკოლონ  მრევლი და მათ უნდა მისცენ გადაწყვეტილების თავად მიღების საშუალება.

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მოძღვრის რჩევით არ იცრება, რას ეტყოდით მათ? 

ვეტყოდი, რომ  ცალკეული მოძღვრების აზრი არ გაითვალისწინონ და გაითვალისწინონ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც არის ერთიანი,  არის უფლებამოსილი და საერთო საეკლესიო აზრი დააფიქსირა კიდეც შემდეგ სიტყვებში, რომ ვაქცინაში არ არის არანაირი რელიგიური შინაარსი. ამიტომ ადამიანს აქვს სრული უფლება, თავისით გადაწყვიტოს თავისი ჯანმრთელობის საკითხი. ანუ ვინც რელიგიურად რაიმე ცუდს ხედავს ვაქცინაში, არის ტყუილი და სიცრუე, არის ცრუ მანიპულირება. არა მარტო ჩვენმა სინოდმა, მსოფლიოს მართლმადიდებლურმა  ეკლესიამ, წმინდა სინოდის უმაღლესი იერარქებიდან  – პატრიარქებიდან,  ეპისკოპოსებით და ა.შ. დაწყებული  – ყველამ ერთხმად დაადგინა, აღიარა  და გამოთქვა ეკლესიური დამოკიდებულება, რომ ვაქცინაში არაფერი არ არის რელიგიური და ძალიან მკაფიოდ  მოუწოდეს ხალხს ვაქცინაციისკენ. მთელ მსოფლიოში მაღალი იერარქები ვაქცინას განიხილავენ, როგორც სიკეთეს. მაგალითად, ელადის (საბერძნეთის) ეკლესიის მეთაურმა ვაქცინა ღვთის საჩუქარს შეადარა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი და სინოდის წევრები ყველანი აიცრნენ. თითქმის ყველა პატრიარქმა სურათებიც კი დადო, როგორ აიცრნენ და ბევრი თვალსაჩინო იერარქი საკუთარი მაგალითით აჩვენებს, რომ ვაქცინა არის საშუალება იმისა, რომ შეინარჩუნო სიცოცხლე, დაიცვა თავი, დაიცვა შენი ჯანმრთელობა და სხვების სიცოცხლე.

მაშინ საიდან მოდის ეს მითები?

ეს მითები არ არის მარტო ეკლესიაში, ეს მითები არის ყველგან და ყველაფერში. არა მარტო ეკლესიაში, არა პოლიტიკოსების ნაწილშიც, სხვათა შორის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, ექიმების ნახევარზე მეტი აუცრელია. ხალხს თავისი ავტორიტეტები ჰყავს. არ შეიძლება ცალკეული პიროვნებების ნდობა, მთავარია სამედიცინო კონსილიუმის გადაწყვეტილება, მთავარია საეკლესიო კრების, წმინდა სინოდის გადაწვეტილება და მათ უნდა მოვუსმინოთ. ცალკეულ ადამიანს შეიძლება ცალკეული აზრი ჰქონდეს და, აქედან გამომდინარე, ხალხის დიდი ნაწილი დაბნეულია, რაც აისახება მაღალ სიკვდილიანობაში. 

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვაფრთხილებდა ყველას, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა, ვეღარ მოხერხდებოდა მათი სრულფასოვანი მკურნალობა, ადამიანს აქვს თავისი რესურსი, რაც არ უნდა გულიანი და თავდადებული იყოს, მაინც რესურსია, დიდი დროის განმავლობაში ამდენი პაციენტის მოვლა ურთულესი და წარმოუდგენელია.  რაოდენობა სხვა ქვეყნებშიც არის, მაგრამ  ასეთი მაღალი სიკვდილიანობა იქ არ არის, იმიტომ რომ იქ ძლიერი სისტემები შექმნეს, ძალიან ძლიერი ბაზა აქვთ, მედპერსონალის გამოცდილებაც დიდია, ასე რომ, შეუძლიათ ადეკვატური დახმარების გაწევა.

 გერმანიას, ვერც საფრანგეთს ვერ შეედრები. როცა ვერ შეედრები, თავი უნდა დაიცვა. თან ქართველები მოუწესრიგებელი, უდისციპლინო ხალხი ვართ – არ იცავენ რეკომენდაციებს, პირბადეები არ უკეთიათ,  არ შეიკრიბოთო და იკრიბებიან. რეგიონებში ხომ, საერთოდ, რა ხდება… ეს იწვევს ეპიდვითარების კიდევ უფრო  დამძიმებას, რაც აისახება კიდეც ინფიცირებულთა მაჩვენებელზე. რეალურად სიკვდილიანობა იმატებს სწორედ იმიტომ, რომ რესურსი ამოწურვადია. დღეს რომ უმკლავდები 10 პაციენტს, უცებ 100 რომ მოდის, რესურსი აღარ გყოფნის. არც არის ამდენი მედპერსონალი,  ფიზიკურად რომ მოგემსახუროს, არც შესაბამისი ტექნიკაა. 

მაგალითად, საფრანგეთში მყოფი ქართველი მოძღვარი მამა ანტონი იყო  საქართველოში ჩამოსული და მაჩვენა,  ტელეფონში გადმოწერილი ჰქონდა იქაური ჯანდაცვის სისტემის აპლიკაცია. იქ იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, სადაც ჩანდა,  სასუნთქი აპარატის რამდენი პროცენტი იყო თავისუფალი. იქ ყველა ადამიანი გაფრთხილებულია  და  ყველამ იცის, რომ შემცირდება აპარატების რაოდენობა, ანუ 80 პროცენტზე რომ ავა დატვირთვა, ასეთ დროს საერთოდ აღარ გამოდიან სახლიდან, რადგან იციან, რომ დასჭირდეთ აპარატი, აღარ იქნებაო.  ამ წესებს იცავენ საფრანგეთში.  

როცა მაჩვენა, იმ პერიოდში სასუნთქი აპარატების 40 პროცენტი იყო დაკავებული და ახლა თავისუფლად დავდივართო. იქ ძლიერი სამედიცინო სისტემაა, როგორ შეედრება ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ევროპულ წამყვან სისტემებს? ამაში გასაკვირი არაფერია, ამიტომ საჭიროა დიდი სიფრთხილე, ანგარიშის გაწევა, მარტო შენი პრობლემა არ არის, სხვებსაც უნდა გაუფრთხილდე.

 მეც მქონდა კოვიდი, მაგრამ აცრილი ვარ და მსუბუქად გადავიტანე, რომ გადასდებოდა სხვა ადამიანს ჩემგან ან შენგან რომ გადაედოს, ხომ შეიძლება ის ვეღარ გადარჩეს? ამიტომ ის სიფრთხილე მარტო შენი თავის სიფრთხილე კი არ არის, მარტო შენი ჯანმრთელობის დაცვა ხომ არ არის, ის სიფრთხილეა სხვისი ჯანმრთელობის დაცვაც. 

თუ ქრისტიანი ხარ, როგორ შეიძლება, არ გაუფრთხილდე სხვის ჯანმრთელობას. შენი თავის ჯანმრთელობის გაფრთხილებაც და გულგრილი დამოკიდებულებაც არაქრისტიანულია. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო, ის თავი შენიც ღმერთმა მოგცა იმისთვის, რომ ამ საღვრთო სიცოცხლეს, რომელიც მოგანიჭა უფალმა,  უნდა გაუფრთხილდე, როგორც მნიშვნელოვან ჯილდოს, საჩუქარს ღვთისგან. ამავე დროს, შენ ძვირფასი ხარ შენი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის და არავის უნდა ახლობელი ადამიანის ასე ფუჭად დაკარგვა. რსაც აკეთებ, სწორედ არმოფრთხილებაა – შენი წრის, შენი სამეგობროს, შენი ახლობლების, შენი სპეციალობის… ის სიკეთე, რომელიც შენ მოგაქვს, ზოგადად, შენი ოჯახისთვის, შენი ქვეყნისთვის, არა მარტო შენია. თავი მარტო შენ არ გეკუთვნის,  ეკუთვნის სხვა ადამიანებსაც, ამიტომ ასე გაუფრთხილებლობა, გულგრილობა, ვითომ ცრუ მინდობა ღმერთზე და ცრუ რელიგიური წარმოდგენები, რომ ღმერთი არ დაუშვებს,  სწორედ მიუტევებელი შეცდომაა და მთავრდება მძიმედ და ლეტალურად, რაც დანაკლისია, ზოგადად, ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. მე დავკარგე ირგვლივ ადამიანები, რომლებიც ძალიან ძვირფასები იყვნენ ჩემთვის. მართალია, ზოგმა ვერ მოასწრო აცრა, მაგრამ ზოგმა შეგნებულად არ გაიკეთა და გარდაიცვალა, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ამიტომ ეს ადამიანი ძალიან დააკლდა არა მარტო ჩემს სამეგობრო წრეს, არამედ -საქართველოს.

ხშირად მომისმენია ასეთი ადამიანებისგან, ადამიანის გარდაცვალება ღმერთის ნება იყოო

ეს არის ცრუ რელიგიურობა. ღმერთის ნება რაც არის, ის მაინც ასრულდება, მაგრამ შენ თუ არასწორად იქცევი, ეს ღმერთის ნება კი არა, შენი ბრალია. ეშმაკმა უთხრა მაცხოვარს, კლდიდან გადახტი, ანგელოზები დაგიჭერენ და არაფერი არ დაგემართება, შენს ფსალმუნში ხომ ასე წერიაო, მაცხოვარი პასუხობს, მეორე რამეც წერია, რომ „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“. რატომ ცდი შენ ღმერთს, რომ „მე ასე გადავწყვიტე, შენ ადექი და დამიფარე“, ის გეუბნება: „შენც, ადექი და აიცერი“, დაიცავი შენი თავი. თუ კბილის ექიმთან მიდიხარ და ფიქრობ, რომ ლოცვით ვერ განკურნავ შენს კბილის ტკივილს, თუ ფეხი მოგტყდა და მიდიხარ ტრავმატოლოგთან, თუ ინფარქტი დაგემართა და მიდიხარ  კარდიოლოგთან, ამ შემთხვევაში რატომ არ მიდიხარ?

 მაშინ რატომ მონასტერში არ მიდიხარ სალოცავად, იმიტომ რომ ნორმალურია.  ღმერთმა მონასტერიც მოგცა სალოცავად და საავადმყოფოც, ასევე სხვადასხვა საშუალებაც, მათ შორის – დანაყრების და გართობის ადგილებიც, სხვადასხვა ღონისძიების ადგილებიც, ყველაფერი მოგცა, მაგრამ შენ არ უნდა აგერიოს შენი წარმოდგენები და ცრუ იმედები არ უნდა გქონდეს. რატომ თვლი, რომ შენ ისეთი რჩეული ხარ, რომ მაინცდამაინც ღმერთი უნდა ჩამოვიდეს და წამალი უნდა დაგალევინოს, ადგეს და განგკურნოს. 

იქნებ უნდა ადგე შენ თვითონ და დალიო წამალი, რომ განიკურნო, რატომ  გგონია, რომ მაინცდამაინც ისეთ სულიერ სიმაღლეზე ხარ, რომ მაინცდამაინც ღმერთი უნდა მოგემსახუროს შენ.

 მოცემული გაქვს ვაქცინა, ადექი და გამოიყენე. მასე ადამიანმა შეიძლება ხელი არ გაანძრიოს და თქვას, ღმერთმა მაჭამოსო,  მაგრამ მივდივართ და გაზაფხულზე ვთესავთ, რომ მოსავალი მივიღოთ.  თუ არ დათესავ, არაფერს არ მოიმკი. რასაც დასთეს, იმას მოიმკი.  თუ თესავ და იმკი და იცი, რომ მოვა მკა და გექნება საჭმელი, მაშინ უნდა იცოდე, რომ ღმერთმა მოგცა წამალი, ღმერთმა მედიცინა განავითარა ისე, რომ დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა  და სრულიად ნორმალურია, რომ ჯანდაცვის სისტემა ჯანმრთელობისთვის გამოყენო, არაფერი ცუდი ამაში არ არის. არაფერი ხელს არ უშლის, რომ ლოცვასთან ერთად წამალი მიიღო. პირიქით, უძველეს პერიოდში ლაზარეთები და საავადმყოფოები არ არსებობდა და ამიტომ  მკურნალებიც სასულიერო  პირები იყვნენ და ლაზარეთებიც მონასტრებში იყო, ამიტომ ყველა აკითხავდა მონასტრებს. ამიტომ გვყავს ჩვენ წმინდანები, „წმინდანთა უვერცხლოთა დასი“, – ასე მოიხსენიებენ, ესენი არიან მკურნალები – პანტელეიმონი, კოზმა და დამიანე,  ზაზა ფანასკერტელი და ა. შ. მათი ერთადერთი საქმიანობა  იყო წამლების დამზადება და კურნება. წამლით კურნება ლოცვასთან ერთად კარგია. ლოცვა რატომ უნდა გამოაკლდეს, ყველაფერზე ვლოცულობთ, არ არსებობს წუთი, ადამიანს ღმერთი არ ახსოვდეს.  ასე რომ,  ამაში ცუდი არაფერია. დღეს კიდევ უფრო მძლავრად არის განვითარებული სამედიცინო სისტემა. მადლობის მეტი რა გვეთქმის, ამიტომაც გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და  შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა. შუა საუკუნეებში 5 ბავშვიდან ერთი რომ რჩებოდა ცოცხალი, არ ჯობდა, ხუთივე გადარჩენილიყო? ძლიერი რომ არის მედიცინა, ეს არ არის ღვთის მადლი? ამისთვის მადლობა არ ვუთხრათ ღმერთს?

თქვენი მრევლი თუ მოგმართავთ რჩევით, აიცრას თუ არა?

ჩემს მრევლთან ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს და ადამიანებმა იციან, რომ არის თემები, რომლებიც თვითონ უნდა გადაწყვიტონ. ამას არ სჭირდება ჩემი მომართვა. მე ვასწავლი საღვთო სიტყვას, რომ ადამიანმა შეიგრძნოს, სად არის ქრისტეს ხმა და ვცდილობ, ამოიცნოს ქრისტეს ხმა იმ ქაოსში, რომელიც მის ირგვლივ არის.  სიკეთე რომ დაინახო, შენ თვითონ გადადგი ნაბიჯი. შეიძლება შეგეშალოს, შენ უნდა გამოსცადო სიხარულიც ტკივილიც, ასე კი არ უნდა გადააბრალო ყველას. 

ამიტომაც იციან ჩემი პოზიცია, არაერთხელ მითქვამს ჩემს ქადაგებებში, ვისაც გაქვთ სურვილი, არ შეგეშინდეთ, აიცერით, რეკომენდაცია მიიღეთ და კარგია ეს. აცრილები არიან სასულიერო პირები, მაგრამ არიან მკაცრი მოწინააღმდეგებიც, რაც ძალიან დასანანია. არის ასეთი შემთხვევები, რომ აცრის გამო  არ აზიარებენ  მრევლს და ამაზე თავადაც ღიად საუბრობენ ეს მოძღვრები სოციალურ ქსელში. წმინდა სინოდის  გადაწყვეტილების შემდეგაც გრძელდება ეს.  

ერთი კვირის წინ ხელახალი განცხადება გააკეთა საპატრიარქომ, რომ ის სასულიერო პირი, რომელიც ღიად ეწინაღმდეგება აცრას, ასევე არ აზიარებს მრევლს აცრის გამო, ასევე, ვინც პირბადის ტარების წინააღმდეგია და უშლის მრევლს, ატაროს პირბადე, ყველას მკაცრად აფრთხილებს, რომ ეს აღარ გააკეთონ, თორემ მათ წინააღმდეგ ზომებს მიიღებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი