ახალი ამბები

სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული არამია – ლადო კახაძე აზარტულების რეკლამაზე

17 დეკემბერი, 2021 • 1070
სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული არამია – ლადო კახაძე აზარტულების რეკლამაზე

პარლამენტარი ლადო კახაძე აცხადებს, რომ მხარს უჭერს მმართველი გუნდის ინიციატივას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით და ონლაინ აზარტული თამაშების შეზღუდვას.

„სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული არამია, არავის შეერგება“, – განაცხადა ლადო კახაძემ რეკლამის აკრძალვაზე საუბრისას იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ რეკლამის აკრძალვა მედიასაშუალებების შემოსავლებზე უარყოფითად იმოქმედებს.


ოპოზიციონერი პარლამენტარების ნაწილი, – გიორგი ვაშაძე, „ლელოს“ წარმომადგენლები, – აცხადებს, რომ ემხრობიან ლუდომანიის პრობლემის მოგვარებას, თუმცა გამოხატავენ შეშფოთებას იმ შესაძლო დარტყის გამო, რაც მედიას მიადგება აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ რადგან აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიების შემოსავლების 25%-ს შეადგენს და ტელემედიისთვის დიდი დარტყმა იქნება, მოხდეს რეკლამის ეტაპობრივი აკრძალვა:

  • აზარტული თამაშების რეკლამა 1 მარტიდან, სამი თვით, ტელევიზიებში აიკრძალოს დილის 6-დან საღამოს 9 საამდე;
  • პარალელურად მოხდეს ტელევიზიების დავალდებულება, გაუშვან სოციალური რეკლამა, რომელიც აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენას აჩვენებს;
  • თუ წინა ორი შეთავაზება არ იქნება მოწონებული, დაწესდეს დროებითი საგადასახადო შეღავათები მედიებისათვის, სანამ სარეკლამო ბიზნესი არ აღდგება.

პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს და ითვალისწინებს ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართული კომპანიების ახლებურად დაბეგვრას.

ცვლილებების ნაწილი, – რეკლამის აკრძალვა, – პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა კრიტიკის შემდეგ, დღეს კანონპროექტის მომხსენებელმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ამოქმედების ვადა პირველ მარტამდე გადავადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი