ახალი ამბები

„ახლა მოდაშია“ – კახაძე მოქალაქეების თურქეთში სამკურნალოდ წასვლაზე

23 სექტემბერი, 2022 •
„ახლა მოდაშია“ – კახაძე მოქალაქეების თურქეთში სამკურნალოდ წასვლაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, ექიმი ლადო კახაძე აცხადებს, რომ ქართველები თურქეთში სამკურნალოდ „მოდის“ გამო მიდიან.

ამის შესახებ დღეს, 23 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. კახაძემ ასე უპასუხა „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანს, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქეებს სიცოცხლის გადასარჩენად მკურნალობა სულ საზღვარგარეთ უწევთ და საქართველოში ჯანდაცვის ხარისხიან მომსახურებას ვერ იღებენ.

იოსელიანის თქმით, ქართველები ძირითადად თურქეთში მიდიან და შემდეგ, უკვე ევროპის ქვეყნებში.

„არადა, თურქეთის ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ 2003 წელს ნამდვილად არ გამოირჩეოდა სახარბიელო მდგომარეობით, მაგრამ სწორი რეფორმებით დღეს მიაღწია უმაღლეს სტანდარტებს. რატომ არ ვითვალისწინებთ ჩვენ თურქეთის მაგალითს და გამოცდილებას? როდემდე შეიძლება, ცუდად გახდომის გვეშინოდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანის პასუხად ლადო კახაძემ განაცხადა, რომ საქართველოში სამედიცინო განათლების მისაღებად 73 ქვეყნიდან ჩამოდიან და აქ მიღებული განათლებით ქართველები 130 ქვეყანაში მუშაობენ.

„მე იმ თაობის ვარ, მოსკოვი იყო მაშინ მოდაში და მოსკოვში ჩადიოდენ და ოპერაცია მოსკოველს უნდა გაეკეთებინა. ისინი ეუბნებოდნენ, ეგნატე ფიფია იქ არ გყავთ, თქვე დალოცვილიშვილებო, მიხეილ ჩაჩავა იქ არ გყავთ, აქ რატომ მორბიხართო?! მაგრამ ეს ქართული ფენომენია. ახლა თურქეთია მოდაში. მანამდე ავსტრია იყო მოდაში და მანამდე საფრანგეთი.

იქ ექიმის შეცდომით თუ რამე მოუვა ვინმეს, არავინ არ ამჟღავნებს და იმდენი სიხარული მე, რამდენიც ვიცი იქ ნამკურნალების ბედი და მერე ჩემთან მოსული. ასეთი შეურაცხყოფა ექიმებს არ მიაყენოთ და საქართველოს პოტენციალს, ძალიან გთხოვთ. ექიმებს საქართველოში ინტელექტით, გაწაფულობით, მათი მზაობით ისწავლონ და გაასწრონ სხვებს ცოდნაში, აითვისონ ახალო ტექნოლოგიები, ბადალი არ ჰყავთ მსოფლიოში“, – თქვა ლადო კახაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი