პარლამენტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს, რომელიც ითვალისწინებს რეკლამის აკრძალვას, ონლაინ თამაშის ახლებურად დაბეგვრას და სხვა შეზღუდვებს.
ოპოზიციონერი პარლამენტარების ნაწილი, – გიორგი ვაშაძე, „ლელოს“ წარმომადგენლები, – აცხადებს, რომ ემხრობიან ლუდომანიის პრობლემის მოგვარებას, თუმცა გამოხატავენ შეშფოთებას იმ შესაძლო დარტყის გამო, რაც მედიას მიადგება აზარტული თამაშების აკრძალვით.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ რადგან აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიების შემოსავლების 25%-ს შეადგენს და ტელემედიისთვის დიდი დარტყმა იქნება, მოხდეს რეკლამის ეტაპობრივი აკრძალვა:
- აზარტული თამაშების რეკლამა 1 მარტიდან, სამი თვით, ტელევიზიებში აიკრძალოს დილის 6-დან საღამოს 9 საათამდე;
- პარალელურად მოხდეს ტელევიზიების დავალდებულება, გაუშვან სოციალური რეკლამა, რომელიც აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენას აჩვენებს;
- თუ წინა ორი შეთავაზება არ იქნება მოწონებული, დაწესდეს დროებითი საგადასახადო შეღავათები მედიებისათვის, სანამ სარეკლამო ბიზნესი არ აღდგება.
პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს და ითვალისწინებს ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართული კომპანიების ახლებურად დაბეგვრას.
ცვლილებების ნაწილი, – რეკლამის აკრძალვა, – პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა კრიტიკის შემდეგ, დღეს კანონპროექტის მომხსენებელმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ამოქმედების ვადა პირველ მარტამდე გადავადდება.







