ახალი ამბები

“შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი” – ზურაბიშვილი

16 დეკემბერი, 2021 • 1144
“შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს არ უნდა ჰქონდეს არავითარი წინაპირობა, მათ შორის წინაპირობა არ უნდა იყოს არც შერიგება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობები მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი და მოსალაპარაკებელია.

თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ეს ცუდად იყო გაგებული, ამაზე დაიწყო გარკვევა, როგორ უნდა შევურიგდე იმას თუ ამას, ან რატომ უნდა შევურიგდე. გასაგებია, ამგვარი პროცესები, რაც ჩატარდა მსოფლიოში, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, მით უმეტეს, როდესაც წარსულს ეხება, ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი“,- თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “ეროვნული თანხმობის პროცესი” საქართველოს შიგნიდან უნდა იმართოს, რადგან როგორც არ უნდა ეცადონ საერთაშორისო პარტნიორები, მათ “არ აქვთ ამ პროცესების ის გაგება შიგნიდან, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი პროცესი” და ეს უნდა იყოს “ქართული პროცესი”. ზურაბიშვილის თქმით, ეს პროცესები არ იქნება “ორდღიანი”.

“ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ და არსებობს ბევრი მაგალითები, რომელიც სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანაში გამოიყენეს, ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც მხოლოდ შედარებითი ანალიზების გამოტანა შეიძლება, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს “ქართული პროცესი”. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაღაც ფორმით გამოხატული. მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია, რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩავთვლით, რომ პირველი გარკვევის ეტაპი დასრულდა, ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, იქნება კომისიის დადგენა, რომელიც უფრო დეტალურ განხილვას შეუდგება, იქნება საზოგადოებრივი ქარტია თუ სახალხო კრება, ან სხვა ფორმატი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე “არ აპირებს” ჰქონდეს საკუთარი პასუხი “ეროვნული თანხმობის” ფორმებზე და ეს პასუხი მოახვიოს ვინმეს თავს, ამაზე უშუალოდ პროცესში უნდა ჩამოყალიბდნენ.

დღეს, 16 დეკემბერს ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

“დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

ვინ (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი