ახალი ამბები

“ოცნება” მომდევნო წლებშიც უზრუნველყოფს ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესებისთვის – თალაკვაძე

16 დეკემბერი, 2021 • 1109
“ოცნება” მომდევნო წლებშიც უზრუნველყოფს ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესებისთვის – თალაკვაძე

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ზურაბიშვილმა ეროვნულ ინტერესებსა და თანხმობაზე სწორი აქცენტები გააკეთა. ამასთან, თალაკვაძემ თქვა, რომ “ქართული ოცნება” მომდევნო წლების განმავლობაშიც უზრუნველყოფს, რომ ყველა პოლიტიკურ ფორმატში შედგეს ჯანსაღი თანამშრომლობა “ეროვნული ინტერესების გარშემო”.

“დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის. რა თქმა უნდა, მისი ინსტიტუციური როლი გახლავთ, რომ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი. მან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ ინტერესებსა და თანხმობაზე. მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა, სამართლიანი შეფასებები, რაზეც პრეზიდენტმა გააკეთა განსაკუთრებული აქცენტები, ერთ-ერთი საფუძველია პოლიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო პოლიტიკაში. იყო საუბარი, რომ პანდემიის დასრულება და ეკონომიკის აღდგენა დღეს შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით პრიორიტეტულია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საერთო ამოცანაა, რომელზეც ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს საერთო პოზიცია უნდა ჰქონდეთ. ეს ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ასეა.

„ქართული ოცნება“ იმ დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, რაც გავატარეთ, მომდევნო წლების განმავლობაშიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს პარლამენტშიც ყველა პოლიტიკურ ფორმატშიც ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს, 16 დეკემბერს ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც ოპოზიციის, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

“დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

ანხეთ ვრცლად:

დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი