ახალი ამბები

რუსეთის სასამართლომ ინგუშეთის პროტესტის ლიდერები 7.5-9 წლით დააპატიმრა

15 დეკემბერი, 2021 • 1257
რუსეთის სასამართლომ ინგუშეთის პროტესტის ლიდერები 7.5-9 წლით დააპატიმრა

რუსეთის სასამართლომ ინგუშეთის 2018-2019 წლის საპროტესტო აქციების ლიდერებს პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია 7 აქტივისტზე, რომელთა სასჯელის ზომაც 7.5-დან 9 წლამდე მერყეობს.

2018-19 წლებში გამართული უპრეცედენტო საპროტესტო აქციებით ინგუშეთის ათობით ათასი მცხოვრები ჩეჩნეთთან საზღვრის დადგენის ხელშეკრულებას აპროტესტებდა. აღნიშნულს თან ახლდა შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებს, რამზან კადიროვსა და იუნუს-ბეკ ევკუროვს შორის 2018 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის ტერიტორიების გაცვლას გულისხმობს.

კადიროვი და ევკუროვი ამბობენ, რომ თანაბარი ტერიტორიები გაცვალეს, ინგუშები კი ფიქრობდნენ, რომ მათ გაცილებით ნაკლები ტერიტორია მიიღეს, ვიდრე დათმეს.

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხსენებული დოკუმენტი არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა რუსეთი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა.

სასაზღვრო შეთანხმების წინააღმდეგ მასობრივი აქციები ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2019 წელსაც გაგრძელდა. სწორედ 2019-ში, 26-27 მარტის აქციებზე დააკავეს ხსენებული 7 აქტივისტი, მათ შორის 6 კაცი და 1 ქალი.

აღნიშნულ პირებს განაჩენი ქალაქ კისლოვოდსკის სასამართლომ, 15 დეკემბერს გამოუტანა. მათ “ხელისუფალთა წინააღმდეგ ძალადობის ორგანიზებას” ედავებოდნენ.

“ამ გამოცდას სიმამაცით ვხვდებით, ამ ქვეყნისგან სხვას არაფერს ველოდით. ჩვენ მართალი ვიყავით, არაფერს ვნანობ”, – განუცხადა 49 წლის ბრალდებულმა მუსა მალსაგოვმა სასამართლოს.

ინგუში აქტივისტების დაპატიმრება საერთაშორისო უფლებამდაცველმა ორგანიზაციამ, “ამნესთი ინთერნეიშენალმა” გააკრიტიკა.

ორგანიზაციამ პროტესტის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.

“პროტესტის ლიდერთა დაპატიმრებით, რუსეთის ხელისუფალნი მათ სახელებს ამატებენ ინგუში აქტივისტების გრძელ სიას, რომლებიც მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების გამო დააპატიმრეს”, — ამბობენ ორგანიზაციაში.

“ამნესთი ინთერნეიშენალი” რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს ხსენებული სასჯელები და დაასრულოს “დაუნდობელი თავდასხმა” სიტყვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე.

მთავარი ფოტო: Musa Sadulayev / ТАСС

მასალების გადაბეჭდვის წესი