ინგუშეთის ლიდერმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა თანამდებობა დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა მრავალთვიანი აქციები მეზობელ ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების დადების გამო, რომელსაც ინგუშეთში უსამართლოდ მიიჩნევდნენ.
2018 წლის სექტემბერში ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა, 2018 წლის 26 სექტემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის ტერიტორიები იცვლებოდა. ამ შეთანხმებით დგინდებოდა ადმინისტრაციული საზღვარი ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის.
კადიროვი და ევკუროვი ამბობდნენ, რომ თანაბარი ტერიტორიები გაცვალეს, თუმცა ინგუშებს მიაჩნდათ, რომ მათ გაცილებით ნაკლები ტერიტორია მიიღეს, ვიდრე დათმეს. სასაზღვრო შეთანხმების წინააღმდეგ მასობრივი აქციები ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო და კვირების განმავლობაში გაგრძელდა. მოგვიანებით აქციები განახლდა და გაზაფხულიდან დროგამოშვებით გრძელდებოდა. დემონსტრანტები ევკუროვის გადადგომას ითხოვდნენ.
პოლიციამ რამდენჯერმე დაშალა დემონსტრაციები. აქტივისტები დააკავეს, დააჯარიმეს და დააპატიმრეს. ზოგიერთს სისხლის სამართლით წაუყენეს ბრალი.
ევკუროვი, — ყოფილი ჯარისკაცი, რომელსაც 2009 და 2011 წლებში ორჯერ დაესხნენ თავს — 11 წლის განმავლობაში იყო ინგუშეთის პირველი პირი. იგი 2008 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დანიშნა თანამდებობაზე.
გარეკანის ფოტო: რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის სამსახური
გირჩევთ, ამ თემაზე წაიკითხოთ:
“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?