ახალი ამბები

“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

12 ოქტომბერი, 2018 • 6124
“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

ინგუშეთში კვირაზე მეტია მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების (გაუმჭვირვალედ) დადების გამო. რას აპროტესტებენ ინგუშები? არის თუ არა გამოსვლები ანტიჩეჩნური ხასიათის? რა როლი აქვს რამზან კადიროვს რეგიონში? როგორია პროტესტის დემოგრაფია? რას ამბობს გამოსვლები რესპუბლიკაში სოციალური აქტივიზმის პოტენციალზე? “ნეტგაზეთმა” ამ და სხვა კითხვებზე სცადა პასუხების პოვნა.

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა, 2018 წლის 26 სექტემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის ტერიტორიები გაიცვლება. ამ შეთანხმებით დგინდება ადმინისტრაციული საზღვარი ორ რესპუბლიკას შორის.

ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვარი სსრკ-ის დაშლის შემდეგ არ ყოფილა განსაზღვრული. რადიო თავისუფლების თანახმად, 1993 წელს მაშინდელმა ლიდერებმა, ინგუშეთის რუსლან აუშევმა და ჩეჩნეთის ჯოხარ დუდაევმა, ხელი მოაწერეს სასაზღვრო ხელშეკრულებას, თუმცა პრობლემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

აქტივისტები ევკუროვ-კადიროვის შეთანხმებასა და ამ შეთანხმების პარლამენტისეულ რატიფიკაციას აპროტესტებენ, რადგან “ხელშეკრულება მიწების გაცვლის თაობაზე ფარულად დაიდო”. ინგუშეთის პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს შეთანხმების რატიფიკაციისათვის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რითაც დაადასტურეს დემონსტრანტების ეჭვები. ამასთან ერთად, ადგილობრივმა საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა შეთანხმება, რამეთუ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტას რეფერენდუმის გარეშე დაუშვებლად მიიჩნევს.

კადიროვი და ევკუროვი ამბობენ, რომ თანაბარი ტერიტორიები გაცვალეს, თუმცა შეთანხმების სრული ტექსტი უცნობია. ინგუშები კი ფიქრობენ, რომ მათ გაცილებით ნაკლები ტერიტორია მიიღეს, ვიდრე დათმეს. ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთი 26 800 ჰექტარს იღებს, ინგუშეთი კი, დაახლოებით 1000-ს.

სასაზღვრო-ტერიტორიული კონფლიქტები

ინგუში საზოგადოებისათვის ტერიტორიული საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია, სავარაუდოდ, ისტორიული გამოცდილების გამო — რესპუბლიკას კონფლიქტი ჰქონდა ჩრდილოეთ ოსეთთან კიდევ ერთი რაიონის, პრიგოროდნის გამო.

რეგიონის სასაზღვრო კონფლიქტები იმპერიულ და საბჭოთა პერიოდში იდგამს ფესვებს. თანამედროვე სახით კი XX საუკუნის 30-იან წლებში იღებს სათავეს — როდესაც სსრკ-მა 1934 წელს გააუქმა ინგუშეთის ავტონომიური ოლქი და ჩეჩნეთის ავტონომიურ ოლქს შეუერთა. ორ წელიწადში, 1936 წლის 5 დეკემბერს, ოლქს სტატუსი აუმაღლდა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა.

ასე გრძელდებოდა 1944 წლამდე — იქამდე, სანამ იოსებ სტალინმა და ლავრენტი ბერიამ ჩეჩნები და ინგუშები ნაცისტებთან თანამშრომლობისა და სეპატარიზმის ბრალდებით გადაასახლეს. ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის დაცლილი ტერიტორია დაღესტნისა და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ების, სტავროპოლის მხარისა და საქართველოს სსრ-ს შორის გადანაწილდა.

1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა, “დესტალინიზაციის” პერიოდში, ჩეჩენ-ინგუშთა ასსრ აღადგინა და რეპრესირებულების დაბრუნება დაიწყო თავიანთ საცხოვრებელში. ამ დროს პრიგოროდნის რაიონი, რომელიც 1924 წლიდან ინგუშეთის ოლქს, შემდეგ კი ჩეჩენ-ინგუშეთის ოლქსა და ასსრ-ს ეკუთვნოდა და სადაც ინგუშები ცხოვრობდნენ — ჩრდილოეთ ოსეთისთვის იყო გადაცემული. ამის გამო საბჭოთა ხელისუფლებამ სცადა, ხელი შეეშალა პრიგოროდნის რაიონში ინგუშების დაბრუნებისთვის, თუმცა მოსახლეობამ ოსებისგან დაიწყო სახლების გამოსყიდვა და უფრო მჭიდროდ დასახლდა ძველ ტერიტორიაზე. ამან ბიძგი მისცა ინგუშებში “ისტორიული სამართლიანობის აღდგენის” იდეას და პრიგოროდნის შემოერთების მოთხოვნით აქციებმა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენჯერმე იჩინა თავი.

დაძაბულობამ პიკს 1991 წელს, სსრკ-ის დაშლისას, მიაღწია; მალევე დაიწყო შეიარაღებულ კონფლიქტი, რასაც 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბოლოოდ, მოსკოვის ჩარევით, 1995 წელს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ჩრდ. ოსეთს დაავალეს, ინგუში დევნილებისთვის სახლში დაბრუნების ნება დაერთო. 1994-დან 2008 წლამდე, Amnesty International-ის თანახმად, 25 000-მდე ინგუში დაბრუნდა პრიგოროდნის რაიონში, 7 500-ზე მეტი კი რესპუბლიკის სხვა ტერიტორიებზე დარჩა. თუმცა პრიგოროდნის რაიონი ამ დრომდე ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში რჩება.

აქვს თუ არა აქციებს ანტიჩეჩნური ელფერი

“ნეტგაზეთი” ესაუბრა კარინა ავედისიანს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მმართველობას, სოციალურ მოძრაობებსა და კომუნიკაციებს აკვირდება. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპეციალისტია ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში. ჩვენ მას ვკითხეთ, აქვს თუ არა დემონსტრაციებს ეთნიკური ელფერი, როგორც ეს ჩრდილოეთ ოსეთთან კონფლიქტისას იყო.

კადიროვი და პუტინი. ფოტო: AFP

კიდევ კარგი, რომ დემონსტრაციებზე არ არის აშკარა ანტიჩეჩნური სენტიმენტიო, ამბობს ავედისიანი და ხსნის, რომ დემონსტრანტები ფრთხილად აქცევენ პროტესტის ობიექტს ჩარჩოში: ისინი ამას განიხილავენ, როგორც საშინაო საკითხს — უთანხმოებად ინგუშ ხალხსა და მათ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება სრულიად გაუმჭვირვალედ მიიღეს.

ანალიტიკოსი ნილ ჰაუერი, რომელიც ამჟამად ინგუშეთში იმყოფება, იმავეს იმეორებს “ნეტგაზეთთან” საუბრისას: “არ არსებობს არანაირი დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე და ინგუშები თავიანთ თავს, ჩეჩნებთან ერთად, ვაინახების განშტოებად და ჩეჩნების ძმებად მოიაზრებენ. პროტესტის არსი გადაწყვეტილების ხალხთან შეუთანხმებლად მიღებაა, ასევე შიში, რომ პრიგოროდნის შემდეგ, კიდევ ერთ რაიონს დაკარგავენ”.

“ორგანიზატორები მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ ეს არ არის დაპირისპირება ჩეჩნეთთან ან ჩეჩნებთან, არამედ მათ პრეტენზიები აქვთ ინგუშ თანამდებობის პირებთან, საკუთარ ხელისუფლებას უპირისპირდებიან, ისინი ასე გამოკვეთილად კადიროვსაც არ უპირისპირდებიან”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში უფლებადამცველი ეკატერინა სოკირიანსკაია, საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის (Crisis Group) ყოფილი პროექტების კოორდინატორი ჩრდილოეთ კავკასიაში.

თუმცა სოკირიანსკაია დასძენს, რომ ჩეჩნების ნაწილი, განსაკუთრებით ნაციონალისტი ჩეჩნები, თავის მხრივ, აქციებს ანტიჩეჩნურ დემონსტრაციად აღიქვამენ და ამბობენ, რომ ბევრი შეურაცხყოფა და ტყუილი ისმის ჩეჩნების მიმართ და მიაჩნიათ, რომ მედიაც “უსამართლოდ ექცევათ”.

“ანტიკოლონიური აქციები”

როგორც რონდელის ფონდის მკვლევარი, ალეკო კვახაძე, წერს, ეს მიტინგები უფრო ანტიკოლონიურ აქციებს შეიძლება შევადაროთ, რადგან მომიტინგეები კადიროვს აღიქვამენ არა ჩეჩენი ერის ლიდერად, არამედ როგორც კრემლის სადამსჯელო ბერკეტს. 

კვახაძის დაკვირვებითვე, ბოლო წლებში მოსკოვი ცდილობს, ჩრდილო კავკასიაში “გარე მმართველობა” შემოიღოს, რაც “ითვალისწინებს ფედერალური ცენტრის ფუნქციების ზრდას ჩრდილო კავკასიაში”. ასეთი მმართველობის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები მეტწილად არაა გათვალისწინებული.

კარინა ავედისიანი იხსენებს, რომ 2013 წელს კადიროვმა “არაფრად ჩააგდო ჩრდილო კავკასიის ფედერალური რაიონის ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსანდრე ხლოპონინის მიერ შეთავაზებული შეთანხმება სასაზღვრო დავის მოსაგვარებლად”, და ის უკვე წლებია, სუნჟის რაიონის საზღვრის საკითხზე მოსკოვის უმოქმედობით სარგებლობს. კრემლი ჯერჯერობით არ ავლენს პოზიციას არც დავაზე და არც გამოსვლებზე.

“დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ კადიროვი იყო ის, ვინც გასწია ლობირება ინგუშეთის ტერიტორიის გადმოსაცემად… იგი აქტიურად მონაწილეობს ინგუშეთის შიდა პოლიტიკურ კონფლიქტებში და ცდილობს, გაავრცელოს საკუთარი გავლენები მეზობელ რესპუბლიკაში”, – ამბობს სოკირიანსკაია.

ავედისიანის აზრით, “კრემლის რეაქცია, უფრო სწორად, ურექციობა, აჩვენებს, რომ მან არ იცის, თუ როგორია ადგილობრივი დინამიკა ჩრდილო კავკასიაში, როგორ ფუნქციონირებენ ეთნიკური და კლანური ქსელები. მოსკოვი კვლავ თავის ხალხს ავალებს ჩრდილოკავკასიაში პრობლემების მოგვარებას, იმის მიუხედავად, რომ მმართველობის ეს მოდელი სულ უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება და ვერც ადგილობრივი პრობლემები გვარდება”. 

ნილ ჰაუერი, Foreign Affair-ისთვის სტატიაში ავითარებს მოსაზრებას, რომ რუსეთის მიერ ეთნიკური ჯგუფების ენებისთვის სავალდებულო სტატუსის მოხსნა ჩრდილო კავკასიის მრავალფეროვანი მოსახლეობის “რუსიფიკაციის” გეგმის ნაწილია, და ეს პოლიტიკა, შესაძლოა, კრემლს მძიმედ დაუჯდეს. 

“კრემლმა უნდა გაიაზროს, რომ საჭიროა, მშვიდობიანად მოაგვარონ კრიზისი. თუკი ან დაარბევენ დემონსტრანტებს, ან რაიმე სახით ძალას გამოიყენებენ, ეს იქნება დიდი დესტაბილიზაციის გამომწვევი ინგუშეთში და ძალიან ცუდი სიგნალი, რასაც რეგიონში მცხოვრებ სხვა ხალხებს გაუგზავნიან”, – უთხრა სოკირიანსკაიამ “ნეტგაზეთს”.

“არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები“

ავედისიანის დაკვირვებით, თუკი ადრე ინგუშეთში საპროტესტო აქციებზე მეტწილად ტეიპები (ერთგვარი კლანები ჩეჩნეთსა და ინგუშეთში) და უხუცესები გამოდიოდნენ, ამჟამინდელ აქციებს ხალხის უფრო მრავალფეროვანი წრე შემოუერთდა. გამომსვლელთა ასაკი, ალბათ, 18-დან 50 წლამდე იქნება, და ქალების ჩართულობაც საყურადღებოა. 

ნილ ჰაუერიც დაახლოებით ასე ხედავს გამომსვლელებს: “დემონსტრანტები მთელი ინგუშეთიდან არიან, ყველა სოციალური კლასიდან. ყველა მნიშვნელოვანმა ტეიპმა [კლანმა] გამოხატა მათი მხარდაჭერა”.

დემონსტრანტებს ინგუში სამართალდამცავების, ადგილობრივი პარლამენტარებისა და ყოფილი ინგუში პრეზიდენტის, რუსლან აუშევის (1993-2001) მხარდაჭერაც აქვთ. სამართალდამცავებმა პროტესტის დაწყების შემდეგ დედაქალაქ მაგასში არ შემოუშვეს რუსული ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები; როგორც OC Media წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტარები ღიად უჭერენ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მხარს; ავედისიანი ამბობს, რომ ელიტის მხრიდან ეს უპრეცედენტო მხარდაჭერა ამცირებს სახელწმიფოს მხრიდან სანქცირებული ძალადობის შანსს. 

თუ საზოგადოების მხრიდან წნეხმა გაჭრა, ევკუროვი თანამდებობიდან გადადგება, თუმცა რთული სათქმელია, სხვა მოვლენები როგორ განვითარდება, გვეუბნება ჰაუერი: “ვერ ვხედავ, რომ კადიროვმა ისე მიაღწიოს თავისას, რომ კიდევ უფრო არ დაძაბოს სიტუაცია, ამან კი შემდეგ უკვე ჩეჩნეთშიც შეიძლება გაავრცელოს საპროტესტო ტალღა”.

ავედისიანის შეფასებითაც, რთული სათქმელია, რა შედეგით დასრულდება დემონსტრაციები და “არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები”. თუმცა დემონსტრანტთა მოთხოვნები — ევკუროვის გადადგომა და შეთანხმების გაუქმება — რომც არ შესრულდეს, ერთი რამ მაინც აშკარაა, ამბობს იგი:

“ეს არის უპრეცედენტო გამოხატვა კოლექტიური იდენტობისა, როგორც ინგუშეთის მოქალაქეების. ყალიბდება სოციალური და აქტივისტური ქსელები, რომლებიც შესაძლოა სწრაფად გააქტიურდეს მომავალი მობილიზაციისათვის. სწავლობენ გაკვეთილებს და იღებენ გამოცდილებას, რაც მომავალ პროტესტში გამოადგებათ”.

მოსაზრებას, რომ ახლანდელი აქციები ინგუში საზოგადოებისთვის გარდამტეხი მომენტია, ჰაუერიც იზიარებს: “ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი აქციებია ინგუშეთის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი