ახალი ამბები

დაპირისპირება ინგუშეთში პოლიციასთან ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების საწინააღმდეგო აქციაზე

27 მარტი, 2019 • 1986
დაპირისპირება ინგუშეთში პოლიციასთან ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების საწინააღმდეგო აქციაზე

27 მარტს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

26-27 მარტს ათიათასობით ადამიანი ისევ გამოვიდა ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების წინააღმდეგ, რომელსაც ინგუშეთში უსამართლოდ მიიჩნევენ. დემონსტრანტები ინგუშეთის პირველი პირის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომას ითხოვენ.

დემონსტრანტების 26 მარტის აქცია სანქცირებული იყო, თუმცა, ხელისუფლების პოზიციით, 27 მარტს მათ აქციის ჩატარების უფლება არ ჰქონიათ, რასაც მოჰყვა პოლიციასთან დაპირისპირება.

როგორც გამოცემა Кавказский узел იუწყება, საბოლოოდ აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს მოუწოდეს, დაშლილიყვნენ, რათა “სისხლისღვრისგან თავი აერიდებინათ”. ხელისუფლებამ დემონსტრანტებს პირობა მისცა, რომ ხუთ დღეში ისევ მისცემენ აქციის ჩატარების უფლებას. აქციები, სავარაუდოდ, ხუთ დღეში კვლავ განახლდება.


ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა, 2018 წლის 26 სექტემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის ტერიტორიები გაიცვლება. ამ შეთანხმებით დგინდება ადმინისტრაციული საზღვარი ორ რესპუბლიკას შორის.

კადიროვი და ევკუროვი ამბობენ, რომ თანაბარი ტერიტორიები გაცვალეს, თუმცა შეთანხმების სრული ტექსტი უცნობია. ინგუშები კი ფიქრობენ, რომ მათ გაცილებით ნაკლები ტერიტორია მიიღეს, ვიდრე დათმეს. ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთი 26 800 ჰექტარს იღებს, ინგუშეთი კი, დაახლოებით 1000-ს.

სასაზღვრო შეთანხმების წინააღმდეგ მასობრივი აქციები დედაქალა მაგასში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო და კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.

დეტალებისთვის, გირჩევთ, წაიკითხოთ ნეტგაზეთის არქივიდან:

“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

მასალების გადაბეჭდვის წესი