ახალი ამბები

პრეზიდენტმა პატრიარქს შერიგების ინიციატივაზე კურთხევა სთხოვა

15 დეკემბერი, 2021 • 1738
პრეზიდენტმა პატრიარქს შერიგების ინიციატივაზე კურთხევა სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საპატრიარქოს ცნობით, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან.

“მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე”, — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

ხვალ, 16 დეკემბერს კი, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი