ახალი ამბები

სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობის შეწყვეტას აანონებს

14 დეკემბერი, 2021 • 1199
სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობის შეწყვეტას აანონებს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, რომელიც სათამაშო ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს აერთიანებს, აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებს მიიღებს, სათამაშო ბიზნესის სექტორი უარს იტყვის სპორტის სპონსორობაზე.

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, „საქართველოში ლიცენზირებული ყველა სათამაშო ვებგვერდის ოპერატორის სახელით“ აცხადებს:

„აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას“.

ასოციაციის თანახმად, „აღნიშნული სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობაა და, ასევე, ემსახურება კომპანიების იმიჯის ამაღლებას“.

ასოციაციის განცხადებით, ამ მიმართულებით გამოყოფილი „უზარმაზარი ფულადი სახსრები ფინანსდებოდა ბიზნესის სტანდარტული საქმიანობით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში – სხვა მარკეტინგული ან ფინანსური გამართლება აღნიშნულ სასპონსორო კამპანიებს არასოდეს ჰქონია“.

„გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას“, – ვკითხულობთ ასოციაციის მიერ 14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„კანონპროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე“, – აცხადებს ასოციაცია.


13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ, სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება), 25 წლამდე პირებისთვის თამაში, ხოლო ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.

ცვლილებების შედეგად, ჯამში, თამაში, მთავრობის თანახმად, 1 მლნ-მდე ადამიანს აეკრძალება.

ამის მიუხედავად, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები არ შემცირდება.

საგადასახადო ცვლილებები, თუკი დამტკიცდა, 1 იანვრიდან შედის ძალაში.

კანონპროექტთა პაკეტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.