ახალი ამბები

გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა

13 დეკემბერი, 2021 • 951
გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, სხდომაზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილეს.

„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, როგორც ფუძემდებლური დოკუმენტის, საბოლოო ვერსიის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნა 2022 წლის თებერვალში იგეგმება. ამასთან, 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმება საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება საქართველოს მთავრობის მიერ, ისევე, როგორც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დამტკიცება.

აღნიშნულთან ერთად, იგეგმება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია, რამდენადაც წარმოადგენს საბჭოს აპარატის პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს. რეფორმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ზოგადად სახელმწიფოსთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო თურმანიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, სხდომაში მონაწილეობდნენ: საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე მოწვეული იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბლიაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი