ახალი ამბები

მელიქიშვილზე საზ.ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ორმხრივად ივლის

13 დეკემბერი, 2021 • 1894
მელიქიშვილზე საზ.ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ორმხრივად ივლის

პეტრე მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ორმხრივად იმოძრავებს სპეციალურად განკუთვნილ ზოლებში.

ინფორმაცია თავდაპირველად ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ (IPN-მა) გაავრცელა და „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

რეაბილიტაციის პროექტისთვის, რომელიც 2022 წელსაა დაგეგმილი, თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. რეაბილიტაცია შეეხება ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის კუთხემდე მონაკვეთს.

ამჟამად მელიქიშვილის გამზირი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ცალმხრივია და გზის მარჯვენა მხარეს გამოყოფილია ავტობუსის ზოლი.

მოძრაობა ორმხრივი გახდება  მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და კერძო ავტომობილები კვლავ ერთი მიმართულებით იმოძრავებენ.

ქუჩის განაპირას თუ შუაში?

კომპანია „სისტრას“ მიერ 2020 წლისთვის მომზადებული პროექტის ფარგლებში განისაზღვრა 10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი, იგივე TBT ხაზი, სადაც „ბასლეინი“, ანუ საავტომობილე ზოლი უნდა გამოყოფილიყო.

ასე მოხდა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ბასლეინები ავტომობილების ნაკადის საპირისპიროდ, გამზირის შუაში გადაადგილდებიან; ასევე, რუსთაველის გამზირზე, სადაც ავტობუსების ზოლები ქუჩის კუთხეშია და ავტომობილების მოძრაობის ტრაექტორიას ემთხვევა და ა.შ.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, კონკრეტულად სად იმოძრავებს მელიქიშვილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, – ქუჩის განაპირას თუ ქუჩის შუაში, – მერიის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ეს საკითხი მოგვიანებით, რეაბილიტაციის პერიოდში დაზუსტდება.

მერიის პრესცენტრის ცნობითვე, 2022 წელს იგეგმება ქეთევან დედოფლის გამზირის – ავლაბრის მეტროდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე 1.7 კმ-იანი მონაკვეთის – რეაბილიტაცია.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:


გარეკანის ფოტოზე: ბასლეინი რუსთაველის გამზირზე, 2021 წელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი