ახალი ამბები

თბილისში გამოკითხულთა 79% ემხრობა საავტობუსე ზოლებს – CRRC-ის კვლევა

12 ოქტომბერი, 2021 • 2309
თბილისში გამოკითხულთა 79% ემხრობა საავტობუსე ზოლებს – CRRC-ის კვლევა

CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხულთა 79% ემხრობა საავტობუსე ზოლების არსებობას და მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო ავტომობილებისა.

ორგანიზაციამ კვლევა 12 ოქტომბერს წარადგინა. ავტორების თანახმად, კვლევის ფარგლებში 2951 ადამიანი გამოჰკითხეს თბილისის მასშტაბით. საველე სამუშაოები კი 10 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა.

გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში სიტუაცია, ზოგადად, ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით გაუმჯობესდა, 34% მიიჩნევს, რომ გაუარესდა, 18%-სთვის კი ვითარება არ შეცვლილა. 3% ამბობს, რომ არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი.

რეგრესული ანალიზის შედეგად მკვლევრები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უფრო მეტად ფიქრობენ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, ვიდრე ოპოზიციის ამომრჩეველი.

ამასთან, დამაზუსტებელ კითხვაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტთან დაკავშირებით: გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გაუმჯობესდა, 16% მიიჩნევს, რომ უარესობისკენ შეიცვალა, 13% კი მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა.

გამოკითხულთა 79% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო ავტომობილებისა და, შესაბამისად, ავტობუსის ზოლები „ყველგან უნდა მოეწყოს“. მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ კერძო ავტომობილების სწრაფი გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომ არ უნდა მოეწყოს ბასლეინები.

მკვლევრები ასევე მიუთითებენ, რომ ბასლეინებს უფრო მეტად ის ადამიანები უჭერენ მხარს, რომლებიც არ ფლობენ კერძო ავტომობილს.

წყარო: CRRC

წყარო: CRRC

გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ქალაქისთვის უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ხოლო 31%-ისთვის უფრო მეტი საავტომობილო გზისა და საპარკინგე სივრცის აშენებაა პრიორიტეტული. გზას და პარკინგებს უპირატესობას კერძო ავტომობილების მფლობელები უჭერენ მხარს.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი