ახალი ამბები

რა 3 პრეზიდენტი, რა უნდა გადაწყვიტონ ყოფილმა თანამდებობის პირებმა? — ღუდუშაური

13 დეკემბერი, 2021 • 1541
რა 3 პრეზიდენტი, რა უნდა გადაწყვიტონ ყოფილმა თანამდებობის პირებმა? — ღუდუშაური

“რა სამ პრეზიდენტზე არის საუბარი? რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ყოფილმა თანამდებობის პირებმა? წარმოუდგენელია”, — “ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას საქართველოს სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ.

მისი თქმით, “უხერხულია”, როცა ენმ პოლიტიკური დივიდენდის მიღების მიზნით პოლიტიკურ შერიგებაზე საუბრობს.

“ქალბატონ ზურაბიშვილს ახლა უწოდებენ ხომ პრეზიდენტს, როცა სჭირდებათ, რომ როგორმე სააკაშვილის შეწყალებას მიაღწიონ?! ამიტომ უხერხულია, არათანმიმდევრულია მათი მხრიდან”, — განაცხადა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის თქმით, სამი პრეზიდენტის შეხვედრა და შერიგებაზე საუბარი “საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა”.

“შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ ქართულ საზოგადოებას, რომელიც იმაზე ბრძენია, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” ჰგონია.

რა დასხდომაზე და გადაწყვეტილებაზეა საუბარი, მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და, ამავდროულად, მსჯავრდებული მძიმე დანაშაულებში, აქ დასრულდა ეს და ძალიან დიდი წერტილი.

რაც შეეხება მარგველაშვილს, არ ღირს ამაზე ვრცელი კომენტარები და დროის დაკარგვა. ის არის ყოფილი პრეზიდენტი და აქაც წერტილი, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა – “არა და არასდროს” და მორჩა და გათავდა, რაზე უნდა ვისაუბროთ?!” — განაცხადა ღუდუშაურმა.

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ინკლუზიური პროცესის დაწყებაზე წერილით უპასუხა და მას დიალოგის დასაწყებად პირველი შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილთან ერთად შესთავაზა.

როგორც სააკაშვილი წერს, დიალოგის დასაწყებად საჭიროა ყველანი მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ და ამისთვის საუკეთესო ფორმატად ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელს ასახელებს, სადაც სამართლის და შერიგების კომისია შეიქმნა. როგორც სააკაშვილი ამბობს, ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს.

მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი