ახალი ამბები

აღარანაირი დათმობა რუსეთთან! – ლინკევიჩუსი

11 დეკემბერი, 2021 • 1363
აღარანაირი დათმობა რუსეთთან! –  ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი  ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებას ეხმაურება. ლინკევიჩუსის თქმით, რუსეთთან აღარანიარი დათმობა უნდა იყოს.

„2008 წელს ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მოკავშირეები, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის მაპი მიგვენიჭებინა. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა.  პროვოცირება პირიქით მოხდა – მან მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიკავა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. აღარანაირი დათმობა!“ – წერს ლინკევიჩუსი ტვიტერზე.


რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან ითხოვს, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები უარესდება და კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული, რის გამოც დიალოგი აუცილებლად მიაჩნია.

რუსეთი ამ მიმართვაში მთავარ აქცენტს უკრაინაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ ნატოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა რეგიონში ვითარებას ძაბავს.

რუსეთი კიევს მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ის დონბასში ძალადობრივი სცენარისთვის ემზადება.

გარდა იმისა, რომ რუსეთი ნატოსგან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, მას აქვს სხვა მოთხოვნებით.

რუსეთი ითხოვს:

  • აშშ-სგან და ნატოსგან იურიდიულ გარანტიას, რათა არ განათავსონ თავდასხმის იარაღები რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები;
  • ოპერაციული წვრთნების ტერიტორია გადავიდეს რუსეთ-ნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე;
  • სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოების მაქსიმალური მანძილის კოორდინაცია სახიფათო სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში;
  • თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლება რუსეთ-აშშ-ისა და რუსეთ-ნატოს ხაზით;

რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს დიალოგი მის მიერ წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს და ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი კურსი.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი