თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიდ დიღომში, სადაც ფეხბურთის ფედერაცია დახურული სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა. თუმცა კალაძეს არ დაუკონკრეტებია, რა ტერიტორიაზე იგეგმება რეკრეაციული სივრცის მოწყობა.
დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები უკვე არაერთი თვეა ითხოვენ, რომ სტადიონის ნაცვლად სარეკრეაციო სივრცე მოეწყოს
„მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც დიდ დიღომში უნდა განხორციელდეს — ეს არის ფეხბურრთის ფედერაციის მიერ წამოწყებული ძალიან მაგარი პროგრამა, სპორტული მოედნების და სპორტული სივრცეების მოწყობა. UEFA-ს გრანტით ხორციელდება ეს პროექტები. ანალოგიური სამუშაოება განხორციელდა ვაკეში, სამგორში, ვარკეთილში, ასევე ნუცუბიძეზე და დიდ დიღომშიც ანალოგიურად განხორციელდება.
იქ არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ სივრცის კეთილმწოყობას და განვითარებას. ისტორიულად ამ სივრცეში ყოველთვის იყო სტადიონი, თუმცა პატარა, გარკვეული ჯგუფის მოთხოვნა არის, რომ ამ ადგილზე არა სტადიონი, არამედ პარკი გაკეთდეს. თუმცა 50 მეტრში ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ რეკრეაციული სივრცის განახლება-რეაბილიტაცია. ვითვალისწინებთ ასევე ამ პატარა ჯგუფის მოთხოვნასაც და საფეხბურთო მოედანთან ერთად მოეწყობა რეკრეაციული სივრცეც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ატრაქციონები, შესაბამისი სივრცე, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს კონკრეტული არეალი. ასე რომ, ორივე პროექტი იქნება განხორციელებული“, — განაცხადა კალაძემ.
დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები უკვე არაერთი თვეა ითხოვენ, რომ სტადიონის ნაცვლად სარეკრეაციო სივრცე მოეწყოს. თუმცა, ჯერჯერობით – უშედეგოდ. საუბარია 10 589 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც, მიუხედავად მოქალაქეების მოთხოვნებისა, ფეხბურთის ფედერაციას მაინც გადაეცა.
ადგილზე, სადაც მოსახლეობა წლებია სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ითხოვს, ნოემბრის ბოლოს ჯვარიც აღმართეს.