ახალი ამბები

გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

8 დეკემბერი, 2021 • 1324
გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

გერმანიის პროკურატურა საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულისთვის უვადოდ პატიმრობას ითხოვს.

Deutsche Welle-ს რუსულენოვანი რედაქციის ცნობით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება დასრულებულია. გენერალური პროკურორი ნიკოლაუს ფოშნერი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა პოლიტიკური მოტივით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოხდა და ბრალდებული ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან.

გამოძიების თანახმად, ვადიმ კრასიკოვი ბერლინში, პოლონეთის და საფრანგეთის გავლით, ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაყალბებული პასპორტით ჩავიდა. გარდა მოწმეების ჩვენებების და კამერების ჩანაწერებისა, ვადიმ კრასიკოვის მარშრუტი აღდგენილ იქნა მის ტელეფონში ნაპოვნი სიმ ბარათის მეშვეობითაც.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

მისი მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დააკავეს.

გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.

თუმცა მედიის შემდეგ ეს ბრალდება გერმანიის სახელმწიფო პროკურატურამაც წამოაყენა.

ბრალდებულის სასამართლო პროცესი 2020 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და ჩვენებების მიცემა/სასამართლო განხილვები ამ დრომდე გრძელდება. დაკითხულია 50-მდე მოწმე. მოსალოდნელია, რომ სასამართლო განაჩენს წლის ბოლომდე გამოიტანს.

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი