ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი თურქეთს კვლავ მოუწოდებს, კავალა გაათავისუფლონ

7 დეკემბერი, 2021 • 1461
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი თურქეთს კვლავ მოუწოდებს, კავალა გაათავისუფლონ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებაზე დაყრნდობით, თურქეთის ხელისუფლებას ამჯერად უკვე მეცხრედ მოუწოდებს, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ბიზნესმენი ოსმან კავალა.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის დეკემბერში დაადგინა, ოსმან კავალა ისე დააკავეს, რომ არ არსებობდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულები.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კავალას დაკავება და წინასწარი პატიმრობა ემსახურებოდა ფარულ მიზანს — მის გაჩუმებასა და სხვა უფლებადამცველების დათრგუნვას, ხოლო თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი საჩივრის განხილვა დაჩქარებული იყო.

ევროპულმა სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებით დაასკვნა, რომ თურქეთის მთავრობას უნდა მიეღო ყველა ზომა კავალას პატიმრობის დასასრულებლად და მის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

„2020 წლის მაისში საქმე გადაეცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით“, — წერია განცხადებაში.

შუალედურ რეზოლუციაში, რომელიც 2 დეკემბერს მიიღეს, მინისტრთა კომიტეტმა მიუთითა წინა 8 გადაწყვეტილებასა და წინა შუალედურ რეზოლუციაზე, რომლითაც:

„დაჟინებით მოუწოდა თურქეთის ხელისუფლებას, ერთი მხრივ, უზრუნველყოს განმცხადებლის [ოსმან კავალას] დაუყოვნებლივ გათავისუფლება და, მეორე მხრივ, უზრუნველყონ, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს მის წინააღმდეგ სისხლისსასამართლებრივი დევნა ევროსასამართლოს დასკვნების საფუძველზე“.

კომიტეტი თვლის, რომ ოსმან კავალას „დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე უარის თქმით, თურქეთი უარს აცხადებს, დაემორჩილოს სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე“.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად კი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ამის გათვალისწინებით, კომიტეტმა აცნობა თურქეთის მთავრობას მისი განზრახვის შესახებ, განსახილველად გადასცეს აღნიშნული საკითხი სტრასბურგის სასამართლოს, ხოლო თურქეთის მთავრობისგან ამ საკითხზე საპასუხო კორესპონდენციის ვადად 19 იანვარი განსაზღვრა.


ოსმან კავალა პირველად 2017 წლის ოქტომბერში დააკავეს, 2013 წელს გეზის პარკის დემონსტრაციებთან დაკავშირებული საქმის გამო.

გეზის პარკის დემონსტრაციებისას, რაც ერდოღანის მმართველობის რთული პერიოდი იყო, რვა დემონსტრანტი მოკლეს, დაიღუპა ერთი პოლიციელი, 5000-მდე ადამიანი კი არეულობაში დაშავდა.

კავალას დაკავებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Amnesty International და Human Rights Watch, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ არ არსებობდა გონივრული ეჭვი კავალას დამნაშავეობის შესახებ და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

დაახლოებით ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, 18 თებერვალს, სტამბოლის სასამართლომ ოსმან კავალას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მასთან ერთად ციხიდან 10-მდე ადამიანი გამოუშვეს, რომლებიც 2013 წელს გეზის პარკის დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ.

ხელახალი პატიმრობა

თუმცა გათავისუფლებიდან სულ რამდენიმე საათში თურქეთის პროკურატურამ კავალას დაკავების ახალი ბრძანება გამოსცა. ამჯერად ბრალდება ეხება 2016 წლის ზაფხულის გადატრიალების მცდელობის საქმეს.

2016 წლის ივლისში თურქეთში სამხედრო ძალებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ ძალების უკან იმამი ფეტულა გიულენი და მისი ორგანიზაცია „ფეტო“ დგას.

ამის შემდეგ თურქეთში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო „ფეტოსთან“ კავშირისა და „ტერორიზმის ხელშეწყობის“ ბრალდებებით.

ადამიანების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა თურქეთი არაერთხელ გააკრიტიკეს დაპატიმრებების პროცესში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

ოსმან კავალას ახალი ბრალიც სწორედ ამ საქმეს უკავშირდება.

მისი ხელახლა დაკავების შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა Amnesty International-მა, სადაც წერია, რომ ამგვარად განვითარებული მოვლენები „წინასწარ გათვლილი სასტიკი სცენარის“ ნაწილია. ისინი კვლავ ითხოვენ კავალას გათავისუფლებას.

ვინ არის ოსმან კავალა?

ოსმან კავალა 1957 წელს პარიზში დაიბადა და ეკონომისტის განათლება მანჩესტერის უნივერსიტეტში მიიღო. მამის სიკვდილის შემდეგ “კავალას ჯგუფის” კომპანიას ჩაუდგა სათავეში.

ოსმან კავალა არის თურქულ-პოლონური და თურქულ- ბერძნული ბიზნესკავშირებისა და ტურიზმის ინვესტორთა კავშირის წევრი. ბიზნესსაქმიანობის გარდა, კავალა ანატოლიის კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეა.

კავალა, მურატ ბელგესთან ერთად, თურქეთში ერთ-ერთი უდიდესი საგამომცემლო კომპანიის დამფუძნებელია. იყო თურქეთის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის საბჭოსა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი

კავალა ისტორიის ფონდის, დიარბაქირის, კულტურის ასოციაციის სპონსორი და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის წევრიცაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი