მოსკოვში ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის გაფრთხილება გამოსცა რუსეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის.
განცხადების მიხედვით, საელჩო ინფორმირებულია ირკუტსკის ოლქში გავრცელებული ცნობების შესახებ, რომელთა თანახმად, ფილტვის შავი ჭირით შესაძლო ინფიცირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ირკუტსკის საავადმყოფოებში კარანტინი გამოცხადდა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარების განვითარებას. აშშ-ის მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, რომ დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ. ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, აშშ-ის მთავრობის პერსონალს შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები შეეხოს კონკრეტულ რეგიონებში როგორც პირად, ისე ოფიციალურ მგზავრობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო სამოქმედო ნაბიჯებში წერს:
-
შესაბამის ტერიტორიაზე მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების მითითებები, თავი აარიდონ დაზარალებულ ობიექტებს და ცხელების ან რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
-
რუსეთისთვის განკუთვნილი ჯანდაცვის სპეციფიკური სიახლეების მისაღებად ეწვიეთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მოგზაურთა ჯანმრთელობის გვერდს.
-
თუ იმოგზაურეთ ინფექციის გავრცელების ზონაში, მგზავრობიდან 14 დღის განმავლობაში დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობას.
საელჩო მოქალაქეებს ასევე ურჩევს, ზოგადი ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადახედონ აშშ-ის საელჩოს ქვეყნის გვერდს, იხელმძღვანელონ საელჩოს მიერ შემოთავაზებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა სიით, ასევე, საზღვარგარეთ ყოფნისას ავად გახდომის შემთხვევაში, სამედიცინო ევაკუაციის შესაძლებლობებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარონ სამოგზაურო დამზღვევ კომპანიასთან.
საელჩო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიებს და მზად იყვნენ გეგმების შესაცვლელად.
29 სექტემბერს გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, 28 წლის დარია შიპილოვა ქალაქგარეთ მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა გარდაცვალების მიზეზად „უცნობი წარმოშობის პნევმონია“ დაასახელა. რუსული მედიის ცნობით, სიკვდილის მიზეზი შესაძლოა შავი ჭირი ყოფილიყო.
დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთში შავი ჭირის პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ევროპაში ადამიანებში შავი ჭირის აფეთქება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
იხილეთ ასევე:
