საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ „ალტ-ინფოს“ პარტია (სახელწოდებით „კონსერვატიული მოძრაობა“) დღეს, 7 დეკემბერს ოფიციალურად დაარეგისტრირა.
პარტიის რეგისტრაციის მოთხოვნით რეესტრს 22 ნოემბერს მიმართეს, თუმცა წესდებაში ხარვეზების გამო საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ განაცხადი დაახარვეზა და წარმდგენებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 10-დღიანი ვადა მისცა.
გადაწყვეტილებაში რეესტრი მიუთითებდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია ხარვეზს შეიცავდა. კერძოდ, ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ განცხადებას.
ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, წესდებას ხელი უნდა მოაწეროს ყრილობის ყველა წევრმა, თუმცა სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე აწერდა ხელს. გარდა ამისა, პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ. სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად.
„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც 2021 წლის 5 ივლისს ჩატარდა ჰომოფობიური აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ირიბად ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს, მაგრამ მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ არის ცნობილი).
ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.
გასულ წელს „ფეისბუკმა“ კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“. უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ მიმდინარე წლის აპრილში “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა.
5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.