ახალი ამბები

„ნეტფლიქსმა“ სამართალწარმოების შეწყვეტაზე იშუამდგომლა — გაფრინდაშვილის ადვოკატები

7 დეკემბერი, 2021 • 7059
„ნეტფლიქსმა“ სამართალწარმოების შეწყვეტაზე იშუამდგომლა — გაფრინდაშვილის ადვოკატები

აშშ-ის კალიფორნიის შტატის სასამართლოში კომპანია „ნეტფლიქსის“  წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის ღია (ზეპირი) მოსმენა მომავალი წლის 24 იანვარს ჩაინიშნა. ინფორმაციას მოჭადრაკის ადვოკატები ავრცელებენ.

საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ პოპულარულ სერიალს „The Queen’s Gambit“ (ლაზიერის გამბიტი), რომელიც, გაფრინდაშვილისა და მისი ადვოკატების აზრით, მოჭადრაკის შესახებ შეურაცხმყოფელ, ცრუ ინფორმაციის შეიცავს.

4 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველებმა თქვეს, უკვე დაიკითხა სერიალის სცენარისტი, „ნეტფლიქსმა“ კი სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

„ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველი ქართველი და ამერიკელი იურისტების ძალისხმევით, დაიკითხა სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი ფრენკ სკოტი – (ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, რომლის ნაშრომები მრავალჯერ არის წარდგენილი ოსკარსა და ემიზე. მისი რეჟისორობით „ნეტფლიქსმა“ გადაიღო ასევე ცნობილი მინისერიალი „Godless“).

სკოტი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ლეგენდარული მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს „ნეტფლიქსის“ მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას“, — აღნიშნავენ ისინი.

გაფრინდაშვილის სარჩელზე მოკლედ

ხსენებული სერიალის სიუჟეტი ტრიალებს გამოგონილი პერსონაჟის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის გარშემო. ის ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს საუკეთესო კაც მოთამაშეებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცივი ომის ფონზე.

უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ და პრობლემაც აქ იწყება. ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკეებთან. ამავდროულად, ის სერიალში რუს მოჭადრაკედ არის მოხსენიებული.

სარჩელის თანახმად, აღნიშნული მტკიცება არის “აშკარა სიცრუე, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი”, ვინაიდან 1968 წელს, როცა ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული ათეულობით კაცთან, მათ შორის, დიდოსტატებთან.

გაფრინდაშვილსა და მისი ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ “ნეტფლიქსმა” შეგნებულად იცრუა, ქართველი მოჭადრაკის მიღწევები დააკნინა იმისთვის, რომ სერიალში “დრამა გაეზარდა” და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია.

გაფრინდაშვილმა კალიფორნიის სასამართლოს სექტემბერში მიმართა. ის კომპანიისგან $5 მილიონს ითხოვს. მოჭადრაკის ინტერესებს კალიფორნიის სასამართლოში, ამერიკელ ადვოკატებთან ერთად, საქართველოში მოქმედი იურიდიული კომპანია BLB იცავს.

საჩივარს მალევე უპასუხა “ნეტფლიქსმა” და თქვა, რომ უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.

გაფრინდაშვილის დავა და დე ჰავილანდის პრეცედენტი – რამდენად პერსპექტიულია სარჩელი

მასალების გადაბეჭდვის წესი