ახალი ამბები

ჭადრაკის ენაზე რომ  ვთქვათ, დებიუტი მოგებულია – გაფრინდაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

28 იანვარი, 2022 • 1321
ჭადრაკის ენაზე რომ  ვთქვათ, დებიუტი მოგებულია – გაფრინდაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„ჭადრაკის ენაზე რომ  ვთქვათ, დებიუტი მოგებულია“, – ასე ეხმაურება მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტაზე.

გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც,  მისი თქმით,  არსებული მოცემულობა კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა.

„ზოგადად, ცხოვრებაში და  ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს, მგონი, მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს  საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა.  ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე“, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.


იურიდიული კომპანია BLB, რომელიც მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ დავაში, საქმის განხივლის პროცესში სიახლის შესახებ იუწყება.

„[კალიფორნიის შტატის სასამართლოს] მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“, – აცხადებს კომპანია.

27 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ დავა დასრულდა, – „ნეტფლიქსი“ საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვდა, მოსამართლემ კი განაცხადა, რომ დავა უნდა გაგრძელდეს.

რისთვის უჩივის მოჭადრაკე „ნეტფლიქსს“?

საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ პოპულარულ სერიალს „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის სცენარიც 1983 წლის რომანს ეფუძნება.

სიუჟეტი ტრიალებს გამოგონილი პერსონაჟის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის გარშემო. ის ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს საუკეთესო კაც მოთამაშეებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცივი ომის ფონზე.

უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ და პრობლემაც აქ იწყება. ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს:

„ერთადერთი უჩვეულო რამ[ბეტ ჰარმონის] შემთხვევაში მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს“.

კალიფორნიის შტატის სასამართლოში გაფრინდაშვილის საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს უკანასკნელი რეპლიკაა.

სარჩელის თანახმად, აღნიშნული მტკიცება არის „აშკარა სიცრუე, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი“, ვინაიდან 1968 წელს, როცა ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული ათეულობით კაცთან, მათ შორის, დიდოსტატებთან.

საჩივრის კიდევ ერთი საფუძველია ნონა გაფრინდაშვილის რუსად მოხსენიება, „მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ის ქართველია და ქართველები განიცდიდნენ რუსეთის ბატონობას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შემდგომ იყვნენ დაჩაგრულნი და დაპყრობილნი რუსეთის მიერ“.

„ნეტფლიქსმა“ განაცხადა, რომ უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.

გირჩევთ ამ საკითხზე ვრცლად წაიკითხოთ:

გაფრინდაშვილის დავა და დე ჰავილანდის პრეცედენტი – რამდენად პერსპექტიულია სარჩელი

მასალების გადაბეჭდვის წესი