ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შაჰბაზ ხუდუოღლი – ყველაზე ცნობილი გამომცემელი აზერბაიჯანში

16 ოქტომბერი, 2021 • 316
შაჰბაზ ხუდუოღლი – ყველაზე ცნობილი გამომცემელი აზერბაიჯანში

ავტორი: გუნელ მევლუდი


აზერბაიჯანში მკითხველი, თითქმის, ერთი თვე ელოდა რიგით მეშვიდე წიგნის ბაზრობას, რომელსაც ქვეყნის კულტურის სამინისტრო მართავს ხოლმე. ღონისძიება ბაქოს “ექსპო ცენტრში” გაიმართა. დედაქალაქის მცხოვრებლები მოუთმენლად ელოდნენ ბაზრობას, სადაც ფასდაკლებებით წიგნებს შეიძენდნენ, ადგილობრივი საყვარელი მწერლებისგან ავტოგრაფებს მიიღებდნენ და ახალი გამოცემების შესახებ შეიტყობდნენ.

თუმცა, ისე მოხდა რომ ერთდროულად ორი ბაზრობა გაიმართა. კულტურის სამინისტროს პირობებით უკმაყოფილო დამოუკიდებელმა გამომცემლობებმა და ბუკინისტებმა საკუთარი ბაზრობა მოაწყვეს, რომელიც მისი უნიკალურობის გამო ოთხი დღით გვიან დასრულდა, ვიდრე სახელმწიფოს მიერ მოწყობილი.

იდეის ავტორი, ჩატარებულიყო, ბაქოში დამოუკიდებელი ბაზრობა, გამომცემელი შაჰბაზ ხუდუოღლი იყო, რომელმაც მოიძია ქალაქის ცენტრში, ბაქოს სპორტის სახლის შენობა. 

“კულტურის სამინისტრომ არ დაუშვა ბაზრობაში იმ ბუკინისტების,  თავისუფალი მწერლებისა და პატარა მაღაზიების მონაწილეობა, რომელთაც საკუთარი წიგნების გაყიდვა სურდათ. პირადად მე მონაწილეობის პრობლემა არ მქონია, რადგან ჩვენი გამომცემლობა დიდია და საკუთარი ტიპოგრაფია გვაქვს, თუმცა, ვიფიქრეთ, მცირე მეწარმეების სოლიდარობა და მათი დახმარება არ გვაწყენდა”.

შაჰბაზ ხუდუოღლი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი გამომცემელია. 30 წელზე მეტია ის აზერბაიჯანში ყველაზე საქმიან დამოუკიდებელ გამომცემლობა “განუნს” მართავს.

200-ზე მეტი წიგნის მაღაზიამ, მინი-გამომცემლობამ და თავისუფალმა მწერლებმა მხარი დაუჭირეს “განუნის” იდეას და მონაწილეობა მიიღეს ბაზრობაში. მთელი ათი დღე ღონისძიების ფარგლებში მაღაზიებმა და გამომცემლობებმა ათეულობით შეხვედრა და დისკუსია მოაწყვეს ადგილობრივ და უცხოელ ავტორებთან.

არც ისე დიდი ხნის წინ, აზერბაიჯანელ გამომცემელს შაჰბაზ ხუდუოღლის გამომცემლობის საქმეში დამსახურებებისთვის, საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის და  აზერბაიჯანულ ენაზე ფრანგული ლიტერატურის  თარგმანების დიდი ნუსხისთვის საფრანგეთში ორდენი “ხელოვნება და ლიტერატურა” გადასცეს. 

თავად აზერბაიჯანში, სახელმწიფო დონეზე, მისი საქმიანობა, რბილად რომ ვთქვათ, შეუმჩნეველია. 

როდესაც 90 -ინ წლებში საკუთარ გამომცემლობას აარსებდა, მხოლოდ 24 წლის იყო. ეს იყო დრო, როდესაც ყველაფერი საბჭოთა წარსულში ხდებოდა, სანაცვლოდ კი ახალი არაფერი მიდიოდა. მაშინ, როდესაც ყველაფრის ტოტალური დეფიციტი იყო ქვეყანაში და ადამიანები პურის კილომენტრიან რიგებში იდგნენ, შაჰბაზ ხუდუოღლიმ საკუთარი გამომცემლობის დაარსება დაიწყო. თუმცა, მისი, როგორც გამომცემლის მომავალი მაშინ უცნობთან ერთმა შემთხვევითმა შეხვედრამ განსაზღვრა. 

“იმ დღეს შესახვედრად წავედი მომავალ დამსაქმებელთან, რომელიც შეხვედრაზე არ მოვიდა, თუმცა, იმავე რედაქციაში გავიცანი ადამიანი, მთარგმნელი ნატიკ საფაროვი. ვისაუბრეთ ცოტა ხანს და მოგვიანებით სადმე წახემსება შემომთავაზა.  სწორედ ეს სადილი გახდა ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ნატიკმა ჟურნალ “განუნში” [აზერბაიჯანულ ენაზე “კანონი”] სამუშაოდ მიმიწვია. ეს იყო ღარიბი და დაბალშემოსავლიანი ჟურნალი, თუმცა კარგი ურთიერთობა მქონდა მის მთავარ რედაქტორთან. გარკვეული დროის შემდეგ რედაქტორმა გვითხრა, რომ ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ გააგრძელებდა ჟურნალის გამოცემას. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენთვის დაეტოვებინა ჟურნალი”. 

ასე დაიწყეს, როგორც ჟურნალის, ასევე სხვა ბეჭდური გამოცემების გამოცემა. 

“ნატიკი იყო მთარგმნელი და რამდენიმე ენას ფლობდა. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლო გვეთარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე სხვადასხვა უცხოური საინტერესო ლიტერატურა. თავდაპირველად, ეს იყო იურიდიული ლიტერატურა, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაცია ყიდულობდა. მოგვიანებით კი, – მხატვრული ლიტერატურის თარგმნა დავიწყეთ. 

“დროთა განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ჩვენი იურიდიული ლიტერატურა ძალიანაც სჭირდებოდა ხალხს. საბჭოთა კავშირის შემდეგ ახალი ეპოქა დადგა,  გიხსნა საზღვრები –  არ მხოლოდ გეოგრაფიული, – ინფორმაციულიც. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, მთავარი ჩვენი აქცენტი მხატვრულ ლიტერატურაზე გადაგვეტანა. ნატიკმა საკუთარ თავზე აიღო საქმის შემოქმედებითი მხარე, ის მხოლოდ თარგმნიდა და არედაქტირებდა. მე კი ბიუროკრატიულ საკითხებს ვაგვარებდი”. 

1998 წელს ლიკვიდირებული იყო ჟურნალი “განუნი” და დაიწყო დამოუკიდებელი გამომცემლობა “განუნის” ერა. 

ორი იმედგაცრუებული ბიჭის ისტორია არც ისე პოზიტიურად დასრულდა. 2004 წელს ნატიკი საკუთარ სახლში ხანძრის დროს დაიღუპა. 

“თითქმის 20 წელი გავიდა მისი სიკვდილიდან, მაგრამ ის მუდამ ჩემს გვერდითაა. ახლა უფრო მეტს ვმუშაობ და მისი ხმა არ მაძლევს საშუალებას, მოვდუნდე”. 

დაახლოებით, 30 წლის არსებობის მანძილზე გამოცემლობა “განუნი” ყველაზე “ნაყოფიერი” გამომცემლობაა აზერბაიჯანში – წელიწადში საშუალოდ 50 წიგნს გამოსცემს. მისი გამომცემელი შაჰბაზ ხუდუოღლი კი ყველაზე წიგნიერ გამომცემლად არის მიჩნეული. მისი ნახვა ყოველთვის მწერლების გარემოცვაში შეიძლება – ახალგაზრდა მწერლების შეკრებებზე, დამწყებ ავტორებთან. მას ხშირად უწოდებენ გამომცემელს, რომელიც მეგობრობს მწერლებთან. ავტორები მას შუამავლებისა და ბიუროკრატიის გარეშე უკავშირდებიან.

მიუხედავად ასეთი ფართო ცნობადობისა, ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება მის საქმიანობას და გამომცემლობას სათანადოდ აფასებს – “განუნის” ოფისსა და ტიპოგრაფიაში ხშირია ჩხრეკები, დაკითხვები, რასაც მოსდევს ჯარიმები და გადასახადები. 

ხელისუფლების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება გამომცემლის ოპოზიციური წარსულით შეიძლება აიხსნას. ახალგაზრდობაში ხუდუოღლი სინდისის პატიმარი იყო მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ამასთან, ამჟამადაც საკმაოდ ხშირად გამოხატავს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. 

“ყოველთვის მინდოდა დავხმარებოდი საკუთარ ქვეყანას საკუთარი საქმით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი საქმიანობა არავის სჭირდება. ყველაფერი, რაც მაქვს, ეს მკითხველის სიყვარულია”. 

მკითხველის სიყვარულის შესახებ ის მართალია. მათ უყვართ გამომცემელი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან იცის ლიტერატურული ტენდენციები და დროულად გამოსცემს უახლეს უცხოურ ლიტერატურას. იმიტომაც, – რომ ის ღიაა ყველასთვის. 

“განუნის” უზარმაზარ შენობაში მას აქვს პატარა ოთახი, სადაც კითხულობს და ნებისმიერ ადამიანს იწვევს ჩაის დასალევად და სასაუბროდ. ყველა წიგნის ბაზრობაზე, გამოფენაზე და ღონისძიებაზე ის მზადაა რომელიმე წიგნის სიუჟეტი შემთხვევით გამვლელსაც კი მოუყვეს. 

“ზოგჯერ, როდესაც რომელიმე მკითხველი დაინტერესდება წიგნით, ფასით, და ვხედავ, რომ ჩვენი გამყიდველები დიდი ენთუზიაზმით არ პასუხობენ, ვიღებ წიგნს ხელში და ვესაუბრები მასზე მკითხველს და ვარწმუნებ, რომ საინტერესოა და ნამდვილად ღირს წაკითხვად”. 

მისთვის ყველა წიგნი ღირებული და ყურადღების ღირსია. 

შაჰბაზი ხშირად გულდაწყვეტით საუბრობს იმაზე, რომ გამომცემლობებისთვის დაწესებული მაღალი გადასახადების გამო, აზერბაიჯანში მკითხველისთვის ძვირი ჯდება წიგნის ყიდვა. განსაკუთრებით, თუ მკითხველი პროვინციიდანაა, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე აქტუალურია. 

თავად შაჰბაზი იარდიმლის პროვინციის სოფელ ამარქენდიდანაა, რომელსაც თავად ძალიან არის მიბმული. შესაბამისად, კარგად ესმის, რომ რეგიონებში მკითხველისთვის წიგნებზე წვდომა კიდევ უფრო შეზღუდულია. 

“ყოველ ჯერზე, როდსაც სოფელში ჩავდივარ, მამის სახლში, ვცდილობ რაღაც ღირებული გავაკეთო თანასოფლელებისთვის. რამდენიმე წლის წინ იქ წიგნის “ჯიხური დავდგი, რომელიც ყველასთვის ღიაა და  სრულიად უფასოდ შეუძლიათ წიგნების აღება”. 

გარდა ამისა, შაჰბაზმა ორგანიზება გაუწია სოფელში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობის გამართვას და დედაქალაქიდან სტუმრების მიწვევას. 

“სოფელში ადამიანებმა გაიგეს, რომ საკუთარი ნატურალური პროდუქტებით შეიძლება ფული იშოვონ. ამ ყველაფრის შემდეგ ვგრძნობ, რომ ამარქენდში რაღაც მოძრაობა დაიწყო”. 

შაჰბაზს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ის ამჟამად ციფრული გამომცემლობის შექმნის გეგმას ამუშავებს. 

“არ ვფიქრობ, რომ ბეჭდური წიგნი მალე გაქრება, მაგრამ როდესაც ელექტრონული წიგნის ხანა დადგება,  ამისთვის მზად ვიქნებით”. 

რამდენადაც შაჰბაზს ყველა იცნობს, როგორ გამომცემელს, რომელიც მეგობრობს მხატვრულ ლიტერატურასთან და პირადად მწერლებთან, ვკითხეთ, თუ აპირებს საკუთარი წიგნის დაწერას. 

“მე ჩემს თავს მწერალს ვუწოდებ, რომელსაც წიგნი არ დაუწერია. ოდესღაც, ძალიან ადრე ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ საუკეთესო ტექსტი ისაა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწერილა. მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე დროა მისი დაწერის. როდესაც წერის პროცესი ჩემთვის სასიამოვნო გახდება, დავიწყებ”.

საფრანგეთში მიღებულ ჯილდოს მშვიდად და იუმორით ხვდება. 

“მთელი ჩემი ცხოვრება საკუთარი საქმით ვიყავი დაკავებული. გამოვცემდი და ვკითხულობდი წიგნებს. არასოდეს მიბრძოლია და არ დამირქმევია ამისთვის ბრძოლა რაიმესთვის. მაგრამ მოულოდნელად მომცეს ორდენი და მითხრეს რომ რაინდი ვარ”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი