ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმის ორი თანამშრომელი სასამართლოში ჩივის – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”

22 ნოემბერი, 2021 • 1394
ხელოვნების მუზეუმის ორი თანამშრომელი სასამართლოში ჩივის – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ეროვნული მუზეუმის 2 გათავისუფლებული თანამშრომლის, ეკატერინე კიკნაძისა და დინარა ვაჩნაძის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, მუზეუმიდან 10 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათგან რვა თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე გაუშვეს, ან სხვადასხვა, უფრო დაბალ პოზიციაზე გადაიყვანეს. ორ მათგანს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუგრძელეს. “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ამ გადაწყვეტილებებს მიიჩნევს დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებად.

“მიგვაჩნია, რომ პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს გათავისუფლების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და ერთ-ერთი თანამშრომლის შემთხვევაში, განსხვავებული მოსაზრებების გამო, პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა.

“ეკატერინე კიკნაძე ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან გაათავისუფლეს და მისი თანხმობის გარეშე ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს. ამის სავარაუდო მიზეზი გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების გაჟღერება იყო, რის გამოც იგი მუზეუმში მიმდინარე მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებს ჩამოაშორეს.

დინარა ვაჩნაძეც, რომელიც თბილისის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი იყო, დაუსაბუთებლად დააქვეითეს და გადაიყვანეს რიგითი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეების მიმართ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება კანონმდებლობისა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების უხეში დარღვევით მოხდა”, – განმარტებულია განცხადებაში.

ამასთან, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, მუზეუმის ახალი დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი იურისტია, რომელიც თეა წულუკიანის იუსიტიციის მინისტრობის პერიოდში ამავე სამინისტროში მუშაობდა. ორგანიზაციის ცნობით, საკადრო ცვლილებებს საფუძვლად დაედო ახალი საშტატო განრიგი, რომელიც სწორედ ნიკა ახალბედაშვილის მოთხოვნის საფუძველზე ამოქმედდა და მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობები ფორმალურად გაუქმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი