ახალი ამბები

„კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს — სახელმწიფო „ლიტერას“ არ დაიბრუნებს“ — წულუკიანი

3 დეკემბერი, 2021 • 1357
„კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს — სახელმწიფო „ლიტერას“ არ დაიბრუნებს“ — წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ სახელმწიფო აღარ ჩაატარებს და უწყება მის ნაცვლად სხვა კონკურსს დანერგავს.

თეა წულუკიანის თქმით, მისი სურვილი იყო, „ლიტერასთან“ დაკავშირებით სასამართლოსთვის მიემართა, თუმცა, მინისტრისვე თქმით, ვერ მოიძიეს საკანონმდებლო აქტები, რომელიც დაადასტურებდა, რომ კონკურსს სახელმწიფო ატარებდა. წულუკიანი „ლიტერას“ კეზერაშვილის პრემიად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ კონკურსი მასვე დარჩება:

„ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სახელმწიფო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, ვინაიდან აღმოჩნდა, როდესაც ეს პრემია დაფუძნდა, არ იყო არცერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო სახელმწიფო კონკურსი.

შესაბამისად, როდესაც ეს პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ვერ შევძელით სასამართლო დავის დასრულება. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს“, — თქვა თეა წულუკიანმა დღეს 3 დეკემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიმდინარე წლის ზაფხულში მიკროფონი წაართვა, რამდენიმე ავტორმა კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის (ლიტერა) ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა, პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა. ამ მიზეზის გამო მწერლების უმეტესობამ, მათ შორის, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ, „ლიტერადან“ თავიანთი ნაწარმოებები მოხსნეს.

გარდა მწერლებისა, კონკურსი დატოვა ჟიურის ხუთი წევრიდან ოთხმა. ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. საბოლოოდ კი წლევანდელი „ლიტერა“ ჩაიშალა.

„ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსეს. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი