ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოსთან ერთი პირი დააკავეს

3 დეკემბერი, 2021 •
ქუთაისის საკრებულოსთან ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში, ადგილობრივი საკრებულოს შენობის წინ აქტივისტი ზაალ კუხიანიძე დააკავეს, რომელიც საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდა.

კუხიანიძე ქუთაისის საკრებულოსთან დილიდან იდგა საპროტესტო ბანერებით. როგორც ის ამბობდა, აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა მეთოდით. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ქუთაისის მერის პოსტი და უმრავლესობა საკრებულოში არალეგიტიმურად მოიპოვა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დღეს, 3 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები იმართება.

ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება შეუწყდებათ 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს. თუმცა მანამდე, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციაზე ნაკლები მანდატები მიიღო, 2022 წლის ბიუჯეტი ძველმა საკრებულოებმა დაამტკიცეს. ოპოზიციის აზრით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით იყო განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი